“1. რასმუსენის მიერ ნახსენები ვარიანტის განხორციელებისთვის საჭირო პირობაა საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება. 2. საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას სჭირდება პასუხი ერთ შეკითხვაზე: თუ ნატოში მიგვიღეს, დაიკარგება თუ არა აფხაზეთი და ცხინვალი. უფრო კონკრეტულად – მიიერთებს თუ არა რუსეთი საქართველოს ორ რეგიონს, როგორც ყირიმი მიიერთა. ეს ტერიტორიები ფაქტობრივად ახლაც ანექსირებულია, მაგრამ უშუალოდ ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანა, ბუნებრივია, უმძიმესი ამბავი იქნება. ესაა აქ მთავარი სირთულე. არ უნდა მიკიბ-მოკიბვა. ასახსნელია ხალხისთვის, რუსეთის ეს საპასუხო ნაბიჯი რეალური იქნება თუ არა. ეს იყო და იქნება რუსული პროპაგანდის მთავარი საკითხი. ეს პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეკითხვა პროპაგანდის გარეშეც არსებობს. ამას ვწერ დევნილი აფხაზეთიდან და ნატოში გაწევრიანების აქტიური მომხრე, რომელსაც კარგად მესმის მეხუთე პუნქტის უზარმაზარი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის.”
ვახო სანაია, ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე ნატო-მაც უნდა უპასუხოს იგივე კითხვას.
დისკუსია ჯეიმს აპატურაიც გამოეხმაურა – მე ვნახე საქართველოში მიმდინარე დისკუსია, საქართველოს ალიანსში ისე გაწევრიანების შესახებ, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს, – განაცხადა აპატურაიმ.