თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. მონაკვეთზე მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი.
კახა კალაძის თქმით, პირველ მონაკვეთზე, 16 სექტემბრიდან, ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ.
„კომპანია „ჯეო გრუპს“ ვალდებულება აქვს აღებული, რომ 16 სექტემბრისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებმა შეძლონ გადაადგილება. ასევე, ყველა ქუჩაზე, რომელიც ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე უკავშირდება ჭავჭავაძის გამზირს, ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება. მოძრაობის სქემების შესახებ კი ეცნობება მოსახლეობას.
ჩვენ ვაგრძელებთ პროექტით გათვალისწინებულ მეორე ეტაპის სამუშაოებს. კერძოდ, კომპანია GWP მიწისქვეშა სამუშაოებს უკვე ახორციელებს, კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ კი სამუშაოები უკვე დაასრულა. მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება. პროექტმა ათეულ წლებს უნდა გაუძლოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, სარეაბილიტაციო მონაკვეთის მეორე ნაწილში, რომელიც მოიცავს მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა საველოსიპედო სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ დამონტაჟდება ჭედური მოაჯირები და ბოძკინტები.
ჭავჭავაძის გამზირის შშმპ-ებისთვის ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა, ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საავტობუსე ზოლები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ. ადგილზე იმყოფებოდა GWP-ის, „თბილისი ენერჯის“ და „თელასის“ ხელმძღვანელობაც.
იტვირთბა....