aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ღირს თეა წულუკიანის სავარძელი: „იუსტიციის დედოფალი“ ისევ მინისტრია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ისევ წულუკიანი. ისევ ის დანიშნეს. ამჯერად მედლები არ გადაუციათ. სხვა კანდიდატურაზე არც კი უფიქრიათ. ბრეჟნევი გამახსენდა. „იუსტიციის პირველ ლედის“ შუშის სასახლიდან მუდმივად მწვანე უნთია. ამის მიზეზებზე მედია წლების წინაც საუბრობდა. ივანიშვილს შესაძლოა ის არც კი მოსწონს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. წულუკიანის გაბრაზებამ შესაძლოა ბევრ რამეს ახადოს ფარდა და შუშის სახლის მფლობელს ურჩევნია თვალი დახუჭოს. ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, ხანდახან სიჩუმე ფულზე მეტია.

არადა, ძალიან მარტივია. ინტერნეტში მცირედი მოქექვა და წულუკიანის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტს ეგრევე წააწყდები. ვიხსენებ, იუსტიციის სახლთან, „იუსტიციის დედოფლის“ გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებსაც. თუმცა, არაფერი არ ჭრის. ის ისევ მინისტრია. როცა კანონდამრღვევს არ სჯი, ის ხვალ შეიძლება საშიში გახდეს.

თავმოყვარე ხელისუფლება წულუკიანს ჯერ კიდევ მაშინ გადააყენებდა თანამდებობიდან, როცა სტრასბურგში, ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანი საქმე წააგო. მან წააგო უპრეცენდენტო საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საუბარი მაქვს ვანო მერაბიშვილის საქმეზე. თან მან წააგო ორჯერ, როგორც სექციაში, ასევე დიდ პალატაში. ვფიქრობ, ეს საქმე საერთაშორისო მასშტაბით დიდი დარტყმა იყო ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების იმიჯზე. აღარაფერს ვამბობ წულუკიანის კიდევ ერთ სუსტ მხარეზე, როცა მან ყოფილი ხელისუფლების ჩონოსნების საქართველოში ექსტრადირებაც კი ვერ მოახერხა.

როგორ არ გავიხსენო სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესი, რომელიც წულუკიანს ევალებოდა. სპეციალურად, ინტერნეტში ვეძებდი და ვერსად ვიპოვე მსგავსი სხვა ქვეყნების პრეცედენტი, რომ რომელიმე ქვეყანას წარდგენილი სიები ჩაეგდო, და თანაც ორჯერ…

კიდევ ერთს გავიხსენებდი. არადა, რამდენიც გინდათ იმდენია. ცნობილი იურისტი კახა კოჟორიძე, ჯერ კიდევ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, პირდაპირ ამტკიცებდა, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კანონი დაარღვია. ვციტირებ: „მინდა გითხრათ, რომ იმ მოვლენების შემდეგ, რამაც გამოიწვია მთავარი პროკურორის გადადგომა ვადაზე ადრე, სახელმწიფოს წინაშე იდგა ამოცანა, რომ ახალი მთავარი პროკურორი შერჩეულიყო ისეთი პროცესით, რომელიც პროკურატურას მოუტანდა ნდობას. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც თავიდანვე იყო ვარაუდი, იუსტიციის მინისტრმა ამ ამოცანის შესრულებას ვერ გაართვა თავი. უფრო მეტიც, პირდაპირ გეტყვით როგორც იურისტი, რომ მან პირდაპირ დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან აწარმოოს კონსულტაციები. ასეთი კონსულტაციები არ შემდგარა, და ამის შემდეგ მან დაასახელა სამი კანდიდატი და ბოლოს ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ არ წარმართა პროცესი გამჭვირვალედ, სადაც საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, მოესმინა ის კითხვები, რაც არსებობდა კანდიდატებთან მიმართებაში და ამით სიუსტიციის მინისტრმა პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია”.

სულ ახლახანს, მისი უწყების შემადგენლობაში შემავალმა სსიპ-მ, „სახელმწიფო სერვისების დაცვის სააგენტომ“ კანონი კიდევ ერთხელ, აშკარად დაარღვია. ბავშვების დაბადების მოწმობის მისაღებად მისულ მშობლების ნაწილს ის არ მისცეს. არადა, არსებობს კანონი, რომელიც „იუსტიციის სახლის“ ოფიციალურ გვერდზე დევს, რომ „დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილი პირის მომართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. კანონდარღვევა სახეზეა. შედეგი დადგა ასეთი: სუროგაციით დაბადებული ბავშვები დარჩნენ დაბადების მოწმობის გარეშე. მშობლები კი ვერ ახორციელებენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვის მიმართ. მოკლე კითხვას დავსვამ რომ მკითხველისთვის მარტივი გასაგები იყოს – წულუკიანის უწყება ხომ არ ართმევს ადამიანებს უფლებას, იყვნენ მშობლები?

დარღვევებისა და უკანონობის ნუსხა გრძელია, მაგრამ ამჯერად აქ გავჩერდები და შეგახსენებთ, წულუკიანის კიდევ ერთ მარგალიტს,  როცა „დემოკრატი მინისტრის“ თანამდებობიდან გადაყენების საკითხი თავის დროზე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დააყენა. მაშინ  მინისტრი არ დაიბნა, მან ზოგიერთი მათგანი პოლიტიკურ პარტიებად მონათლა და ასეთი სახითაც კი შესთავაზა საჯაროში რეგისტრაცია.

კიდევ რა უნდა გააკეთოს/გააფუჭოს თანამდებობის პირმა, რომ ქვეყნის თავმოყვარე ხელისუფლება დაფიქრდეს და ერთხელ მაინც დასვას კითხვა, უღირს კი ქვეყანას ჰყავდეს ასეთი მინისტრი? თუმცა ისევ იმ სიტყვებით მინდა დავასრულო, რაც მაღლა დავწერე: ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, ხანდახან, ალბათ, სიჩუმე ფულზე მეტია…

გენო ჯოხიძე

 

 

 

 

იტვირთბა....