დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებებით „იუსტიციის პირველი ლედი“ ჰუმანიტარულ კრიზისში შედის
უკანასკნელი თვეებია პრობლემა აქვთ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების პაციენტებს საკუთარი შვილების დაბადების მოწმობის აღებასთან დაკავშირებით. კლინიკები უარს აცხადებენ მედიასთან საუბარზე, რადგან „მეტრონომის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უწყების გაღიზიანებას ერიდებიან. თავად ის ფაქტი, რომ კანონის შესრულების ხმამაღლა მოთხოვნას ამ მოტივით ერიდებიან კლინიკები, უკვე საგანგაშოა. კომპანია „ნიუ ლაიფ ჯორჯია“ ერთ-ერთია, თუ ერთადერთი არა, აღნიშნული ინდუსტრიიდან, რომელიც სახელმწიფოს მიერ იგნორირებულ მშობლებთან ერთად, ღიად დაუპირისპირდა უწყებას.
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“, რომელიც იუსტიციის სამინისტროში შემავალი სსიპ-ია, აშკარად იკვეთება ადმიანების ძირითადი უფლებების უგულებელყოფა, რასაც ქვევით გიამბობთ და მკითხველმა თავად შეაფასოს რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი – დილეტანტიზმი, თუ უბრალოდ, დაუსჯელობით გამოწვეული პოლიტიკური ამპარტავნება?
„იუსტიციის სახლში“ ბავშვის დაბადების მოწმობის ასაღებად მისულ მშობლებიდან, რომლებსაც ბავშვები ხელოვნური განაყოფირების და სუროგატის დახმარებით გაუჩნდათ, ზოგს უარი უთხრეს, ზოგს კი გადაუვადეს გაურკვეველი დროით. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ორი თვის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება. ამასთან ერთად, გრძელდება აღნიშნული მშობლების უძილო ღამეები და განწირული მდგომარეობა. ისინი დახმარებას ითხოვენ, უწყება კი მათთან კომუნიკაციასაც კი თავს არიდებს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პაციენეტების მხრიდან დაბადების მოწმობის აღებისათვის საჭირო იუსტიციის სახლში წარდგენილი ყველა საბუთი წესრიგში იყო, ზუსტად ანალოგიური დოკუმენტაციით ხდებოდა წლების განმავლობაში „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ დაბადების მოწმობების გაცემა. ამის შესახებ „მეტრონომს“ „ნიუ ლაიფში“ დაუდასტურეს.
რა ხდება ახლა? რატომ გადაწყვიტა საჯარო უწყებამ შეეცვალა პოლიტიკა? რამდენად კანონიერია რომ ახალმა პოლიტიკამ უკუქცევითი ძალა შეიძინა და დღეს უამრავი მშობელი საკუთარი შვილისათვის დაბადების მოწმობას ვერ იღებს? ირღვევა თუ არა მშობლების და ბავშვების უფლებები?
კანონი რომ ირღვევა ფაქტია, მათსავე ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილი პირის მომართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
„მეტრონომი“ შეეცადა დაკავშირებოდა ორივე მხარეს იმისათვის, რომ ამ შეკითხვებზე პასუხი მიეღო.
„ნიუ ლაიფის“ იურისტის ანა ჯიქიას განცხადებით, დაბადების მოწმობათა გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი არაგონივრული ვადით, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გაჭიანურდა. შედეგად ბავშვები დარჩნენ დაბადების მოწმობის გარეშე. მშობლები ვერ ახორციელებენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვის მიმართ. ჯერჯერობით საუბარია 6-7 მდე განაცხადზე, რომელთაგანაც 3-ზე ოფიციალური უარია, დანარჩენი გადავადებულია, თუმცა ამ რიცხვს დღითიდღე ემატება მსგავს სიტუაციაში მყოფი წყვილები.
და ეს მხოლოდ ერთი კომპანიის სტატისტიკა, მსგავს სიტუაციაში კი, “მეტრონომის” ინფორმაციით, ბევრი კლინიკის პაციენტია.
„მეტრონომი“ „ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელს, მარიამ კუკუნაშვილს ესაუბრა.
„მეტრონომი“: ქალბატონო მარიამ, რა კომენტარს აკეთებს იუსტიციის სახლი? პასუხს რას გეუბნებიან?
მარიამ კუკუნაშვილი: „უკვე მეორე თვეა, ინვიტრო განაყოფირების და სუროგატის დახმარმარებით დაბადებული ბავშვები, დაბადების მოწმობას ვერ იღებენ. თვენახევრის მანძილზე, იუსტიციის სახლის მხრიდან არანაირ შეკითხვას პასუხს არ სცემდნენ. საქმის მწარმოებელნი, ან ოპერატორები მშობლებს პასუხობდნენ, რომ ყველა წარდგენილი დოკუმენტი წესრიგშია, მაგრამ, მითითება აქვთ ზემოდან, რომ არ გასცენ.
(რედ. ზემოდან მითითებას რაც შეეხება, მეტრონომის მცდელობა კომენტარი აეღო უშუალოდ სააგენტოს ხელმძღვანელი პირისგან (ზურაბ სანიკიძე) ამაო აღმოჩნდა. ჩანს, სააგენტოს ხელმძღვანელს ვინმე ბატონ ზურაბ სანიკიძეს, არ მიაჩნია თავი ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე. როგორც ჩანს, ქალბატონი წულუკიანის წყალობაც საკმარისია, რომ მაღალი თანამდებობა დაიკავო).
„მეტრონომი“: ანუ თქვენ ამბობთ, რომ მშობლებს აქამდე მსგავსი პრობლემა არასოდეს შეგქმნიათ იმავე სახის დოკუმენტაციის წარდგინებით?
მარიამ კუკუნაშვილი: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – არასდროს, არანაირად. აგერ უკვე ორ თვიანი გაპრობლემების შემდეგ, სულ ახლახანს, რაც მსგავსი ხმაურიანი პროტესტი ავტეხეთ, ქალბატონი წულუკიანის უწყებამ ახალი ინსტრუქცია, თუ არსებული რეგულაციების ახლებური ინტერპრეტაცია გამოაცხო და თავის ქმედება ამით გაამართლა. მე ვიტყოდი, რომ ესაა სრულიად დაუფიქრებელი და არაჰუმანური ინსტრუქცია, ან ინტერპრეტაცია – სამწუხაროდ, ისიც კი არ ვიცით, რომელია.
ახალი ინსტრუქცია, თუ ვიმეორებ ინტერპრეტაცია, მოითხოვს, რომ სუროგატ დედასთან ნოტარიული ხელშეკრულების გაფორმება მშობელმა არა ემბრიონის მუცლად გადატანამდე, როგორც აქამდე იყოს, არამედ ემბრიონის შექმნამდე უნდა მოახდინოს. ეს როგორც სამედიცინო, ასევე იურიდიული კუთხით არის სრული ნონსენსი და თუ რატომ ამას მარტივად აგიხსნით. უამრავი უშვილო წყვილი ქმნის ემბრიონებს, რათა პოტენციურმა დედამ თავადვე ატაროს ნაყოფი და მხოლოდ წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში მიმართავენ ასეთი წყვილები სუროგატს დახმარებისათვის. ახალი ინსტრუქცია კი პირდაპირ გკარნახობს, თუ ემბრიონი გაქვს, მაგრამ ბავშვს თავად ვერ აჩენ, მაშინ ემბრიონი უნდა გაანადგურო, მოკლა.
მშობლების ნაკოწიწებ სამაკურნალო თანხებზე და მათ ნერვებზე რომ არაფერი ვთქვათ, მოსთხოვო ადამიანებს გაანადგურონ საკუთარი არსებული ემბრიონები და ახლები შექმნან, არის წარმოუდგენელი სისასტიკე.
21-ე საუკუნეში მაშინ როცა Apple და გუგლი საკუთარ თანამშრომლებს უფასოდ პირდება საკუთარი გენეტიკური მასალის კრიოპრეზერვაციას (გაყინვას), რათა როდესაც მზად იქნებიან დედობისთვის მაშინ გამოიყენონ ისინი, წულუკიანი ბრძოლას უცხადებს მედიცინის თანამედროვე მიღწევებს.
დღეს, როდესაც ESHRE (ევროპის რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია) და ASRM (ამერიკის რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია) აქვეყნებს უამრავ მასალას, რაც ადასტურებს, რომ გაყინულ ემბრიონს წარმატების და ორსულობის მიღების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს, წულუკიანი გვეუბნება, რომ გაყინულები გავანადგუროთ და ახალი შევქმნათ“.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, „მეტრონომმა“ ერთი კვირა მცდელობის შემდეგღა შეძლო მიეღო პასუხი ისუტიციის სახლიდან, თუ რატომ აჭიანურებს და რატომ ეუბნება სააგენტო უარს დაბადების მოწმობის გაცემაზე პაციენტებს.
იუსტიციის წერილი გვამცნობს, რომ სააგენტო 2016 წელს მიღებული რეგულაციით მოქმედებს და ის რაც დღეს ხდება მოწმობების გაუცემლობით ბავშვთა ინტერესს ემსახურება. წერილში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული რეგულაციის დარღვევის გამო, ამჟამად პრობლემა მხოლოდ უცხოელ მშობლებს შეექმნათ (რედ. ჩვენ გვაქვს ინფორამცია, რომ ქართველი მშობელიც არის მსგავს სიტუაციაში), თითქოს მსგავსი ქსენოფობიური ხასიათის არგუმენტი, სავარაუდოდ იმ მოტივით, რომ ქართველი საზოგადოება არ განაწყენდება, მისაღები იყოს.
ჩვენი ვვარაუდობთ, რომ სწორედ სამინისტროს წერილში აღნიშნულმა 2016 წლის რეგულაციის ახლებურმა ინტერპრეტაციამ, ან შესაძლო რაიმე ახლამა დაზუსტებამ შექმნა მსგავსი სიტუაცია. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი ლოგიკური ვარაუდია, რადგან არც წერილი და არც ოფიციალური პირები ამის შესახებ არ გვესაუბრება.
„ნიუ ლაიფის“ იურისტის თქმით, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი ახირებიდან გამომდინარე დაიწყო რეგულაციის ინტერპრეტაციისა და აქამდე დანერგილი პრაქტიკის ცვლა და ესა მიზეზი ბავშვებზე დაბადების მოწმობის არ გაცემისა, ირღვევა პოტენციურ მშობელთა ძირითადი უფლება – იყვნენ მშობლები.
ყოველგვარი ინსენუაციების გარეშეც ნათელია, რომ საქმე ახალ ინსტრუქციას ეხება, თუ ძველის ახლებურ ინტერპრეტაციას, სამწუხაროდ იუსტიციის სამინისტრო არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად ესაუბროს მშობლებს, კლინიკებს, მოახდინოს დაინტერესებული ადამიანების ინფორმირება, იმსჯელოს დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, არამედ მისთვის უფრო მისაღებია დახურულ კარს მიღმა მიიღოს გადაწყვეტილებები, თუნდაც ისეთი გაუაზრებელი და არაჰუმანური, როგორიცაა მშობლებს არ მისცე საკუთარი ემბრიონების გამოყენების უფლება და გაწირო ის გასანადგურებლად.
იმ ფონზე, როცა მსოფლიო აბორტის თემაზეც კი ვერ შეთანხმებულა, ნამდვილი ტრაგედიაა ქვეყნის იუსტიციის მინისტრი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეუწყება მსგავს ინიციატივას აჟღერებდეს – პირდაპირ, მარტივად და ორი სიტყვით რომ ვთქვათ – მოკალით ემბრიონები!
ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტში, ქალბატონი წულუკიანი მხოლოდ მინისტრის მოვალეობას ასრულებს, ალბათ კარგად უნდა დაფიქრდეს მომავალი პრემიერი, ჭირდება თუ არა საქართველოს მომავალ მთავრობაში „ემბრიონების მკვლელი“ მინისტრი.
გენო ჯოხიძე