საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია.
მისივე თქმით, განვითარებული მოვლენების ფონზე, ახალი მთავარი პროკურორი უნდა შერჩეულიყო ისეთი პროცესით, რომელიც პროკურატურას მოუტანდა ნდობას.
„მინდა გითხრათ, რომ იმ მოვლენების შემდეგ, რამაც გამოიწვია მთავარი პროკურორის გადადგომა ვადაზე ადრე, სახელმწიფოს წინაშე იდგა ამოცანა, რომ ახალი მთავარი პროკურორი შერჩეულიყო ისეთი პროცესით, რომელიც პროკურატურას მოუტანდა ნდობას. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც თავიდანვე იყო ვარაუდი, იუსტიციის მინისტრმა ამ ამოცანის შესრულებას ვერ გაართვა თავი. უფრო მეტიც, პირდაპირ გეტყვით როგორც იურისტი, რომ მან პირდაპირ დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან აწარმოოს კონსულტაციები. ასეთი კონსულტაციები არ შემდგარა, და ამის შემდეგ მან დაასახელა სამი კანდიდატი და ბოლოს ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ არ წარმართა პროცესი გამჭვირვალედ, სადაც საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, მოესმინა ის კითხვები, რაც არსებობდა კანდიდატებთან მიმართებაში და ამით სიუსტიციის მინისტრმა პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია”, – განაცხადა კოჟორიძემ.
აღსანიშნავია, რომ კახა კოჟორიძის კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, 11 ივლისს, საპროკურორო საბჭოს 15-დან 12-მა წევრმა შალვა თადუმაძის კანდიდატურას, მთავარი პროკურორის პოსტზე წარსადგენად დაუჭირა მხარი.