ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აქციის მონაწილეებმა გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება” – საპატრულოს უფროსი

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განმარტა, თუ რატომ გამოიყვანეს აქცია „სირცხვილიას” მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის ტერიტორიიდან.

როგორც სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, რომ პროტესტი მშვიდად გამოხატონ, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, რომ შენობის ბლოკირება მოახდინონ.

„შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. პარლამენტის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული. შესაბამისად, მოვუწოდეთ, რომ გადაწეულიყვნენ და გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმატში. გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. ნუ დაბლოკავენ“, – განაცხადა სირაძემ.

საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ეზოში შეძახილით: „მონა“ შეაცილეს.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან შენობის მარცხენა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. ამ წუთებში “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.

გუშინ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

იტვირთბა....