ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და პარლამენტის საქმიანობას ხელი შეუშალოს” – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ არავის მისცემ საშუალებას დაარღვიოს რეგლამენტი და პარლამენტის საქმიანობას ხელი შეუშალოს.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. ასევე, არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების პროტესტი იყო გამოხატული, კარგია, რომ მედიამ საზოგადოებას აჩვენა, თუ რა ფორმები აირჩიეს მათ, ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ კი, ვაგრძელებთ საქართველოს პარლამეტის სხდომას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

არჩილ თალაკვაძემ მანდატურებს მოუწოდა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაეტოვებინათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

იტვირთბა....