ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გავრილოვი – “საქართველოს ახალ პრემიერს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს”

საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს – ამის შესახებ განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გააკეთა.

დეპუტატმა საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილება შეაფასა და აღნიშნა ისიც, რომ ივნისის დარბევისას გიორგი გახარია ხისტი პოზიციით იყო გამორჩეული.

„საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“, – აღნიშნა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში იყო ჩამოსული. ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარებისას გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება, რომლის მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

იტვირთბა....