ახალი ამბები მედია მთავარი სოციალური ქსელი

“თქვენს ადგილებზე თუ “რუსთავი 2″-ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა”? – ხუზმიაშვილი

ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ტელეკომპანიის შენობის “მთავარი არხისთვის” დათმობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშირებს, ჯერ კოდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, “იბერია” დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორია დაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა.

თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალისტისთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემ კოლეგებს, რომლებიც “იბერიაში” ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ. ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, “იბერიის შენობაში”  ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?”, – წერს ხუზმიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხი” დროებით მაუწყებლობას ტელეკომპანია “იბერიის” შენობიდან დაიწყებს.

17 სექტემბერს “იბერიამ” მაუწყებლობა შეწყვიტა. „ომეგა-ჯგუფი,“ რომლის შემადგენლობაში ტელეკომპანია „იბერიაცაა“ ტელეკომპანიის დახურვაში, ფინანსური პრობლემების შექმნის გზით, ხელისუფლებას ადანაშაულებს.

2018 წლის 26 ნოემბერს ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ის ჟურნალისტების უფლებებისთვის იბრძოლებდა.

“იბერიის” თანამშრომლებს და არა მარტო მათ, “ომეგას” თანამშრომლებს, ჯამში 1 500 კაცია, ვეტყვი, რომ ჩვენ ჩვენ უფლებებს დავიცავთ და ამაზე მე საკმაოდ ბევრს ვმუშაობ. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის საშუალება და სადაც იქნება შესაძლებლობა, იქ მე ყველაფერს ვიღონებ, რომ მათი სამუშაო ადგილებისთვის ვიბრძოლო”, – განაცხადა ოქუაშვილმა.

იტვირთბა....