“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება, რომელიც გერმანიაში მოკლეს. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ომში მონაწილეობის გარდა, მას უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული. როგორც თარგამაძე წერს, მისი და ჩვენი კონტრდაზვერვის რამოდენიმე ოფიცრის დამსახურებაა, ლაფანყურს რომ მეტი მსხვერპლი არ მოყვა.
“ახლა მივხვდი, წინა პოსტი ისე დავწერე, მარტო გაცნობიერებული ხალხი გაერკვეოდა. არადა, მინდა ხალხმა, ყველამ იცოდეთ – ეს კაცი, ზელიმხან ხანგოშვილი, იყო კავკასიის და საქართველოს კეთილდღეობისთვის ხმალამოღებული მებრძოლი. ჩვენი ქვეყნისთვის ომში მონაწილეობის გარდა უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული. მისი და ჩვენი კონტრდაზვერვის რამოდენიმე ოფიცრის დამსახურებაა, ლაფანყურს რომ მეტი მსხვერპლი არ მოყვა და მაშინ ზელიმხანმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა. ამის მერე აიჩემა კადიროვმა (პუტინმა) მისი მოკვლა და რომ არ გავწელო, ჩვენმა ხელისუფლებამ მარტო გაგარინზე კი არა, ბოლომდე შეუწყო ხელი მტრის მახინჯს ამ საქმეში. სულ ცოტა ხნის წინ ვიხსენებდით ომის გმირებს. ზელიმხანიც მათ შორისაა. ომი გრძელდება და კარგი კაცები ისევ სწირავენ თავს საქართველოს თავისუფლებას.” – წერს თარგამაძე.
შეგახსენებთ, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავში ცეცხსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს. აღნიშნულ ინფორმაციას “radioway” ავრცელებს.
მამუკა არეშიძის თქმით კი, ხანგოშვილის მკვლელობა ან ლაფანყურის ოპერაციას და ჩეჩნების მხრიდან შესაძლო შურისძიებას, ან კადიროვის სპეცსამსახურს უკავშირდება.