“თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია “მეტრნომთან” საუბრისას მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანა 30 წელია ერთ წრეზე ტრიალებს და საბოლოოდ, კვლავ საბჭოთა კავშირისკენ მიდის, სადაც მხოლოდ ერთი ტელევიზია იყო.
“ის, რაც “რუსთავი 2-ის” გარშემო ხდება არის უდიდესი სისულელე და ამ ქვეყანას სიკეთემდე არ მიიყვანს. ისტორიიდანაც გავიხსენოთ, საბჭოთა კავშირში საზღვარი დაკეტილი იყო, არ არსებობდა კომპიუტერი და ინტერნეტი და მაინც ვერ დამალეს სიმართლე და მაინც დაინგრა საბჭოთა კავშირი. ამ საუკუნეში, როდესაც სასწაული კომუნიკაციის საშუალებები არსებობს, ებრძოლო ტელევიზიას, არის სისულელე.
ამ ხელისუფლებას ეს ყველაფერი რომ არ უშველის, ეგ ფაქტია, უბრალოდ, ეს ყველაფერი ქვეყანას არ მიიყვანს სიკეთემდე. ამათ მართლა გონიათ, რომ “ტვ პირველი” და “რუსთავი 2″ რომ არ იქნებიან, ინფლაცია და ფასების მატება არ იქნება? ეს ყველაფერი სიკეთემდე არ მიიყვანს. 30 წელიწადი ერთ წრეზე ვტრიალებთ და ისევ საბჭოთა კავშირთან მივიდეთ, სადაც ერთი ტელევიზია იყო, არ ვიცი, რა უნდა გითხრათ”, – აცხადებს წულაია.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
“ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში მამამისის ავთანდილ წერეთელის პორკურატურაში დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს შანტაჟია და სანამ ცოცხალია არხი არ გაითიშება.
“რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალი მენეჯმენტი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ღიად ცდილობს, რაც “ქართული ოცნების” ინტერესებს ემსახურება.