მე არ მინახავს “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” განცხადება და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ხშირად ხდება, როდესაც მედიასთან დაკავშირებით კონკრეტული საკითხები ჩნდება და თუნდაც, სამართალდამცავებს დამფუძნებლებთან შეკითხვები უჩნდებათ, ყოველთვის აკავშირებენ პოლიტიკურ პროცესებთან. მე სხვას ვერაფერს ვხედავ, გარდა პოლიტიკური განცხადებისა, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე “მეტრონომთან” საუბრისას “რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებულ ვითარაბესა და ბიზნესმენ ავთო წერეთლის პროკურატურაში დაბარებას.
გოგუაძის განცხადებით, ხელოვნურად ხდება ამ პროცესების მმართველ გუნდთან დაკავშირება.
“არანაირი სირთულე არ უნდა იყოს იმაში, რომ თუ ვთქვათ, კონკრეტულ უწყებებს რაიმე შეკითხვები აქვთ, ამ შეკითხვებს პასუხი გაეცეს. ასეთ გამოკითხვებს ტელეკომპანიის მაუწყებლობა არ შეუფერხებია. მცდელობაა პოლიტიკური სურათის შექმნის. მედიისა და ჟურნალისტების თავისუფლება ამ საზოგადოების მონაპოვარია და ამ საკითხს სიფრთხილით უნდა ვუყუროთ. ეს მუდმივად უნდა შენარჩუნდეს და უნდა ვიზრუნოთ, რომ უფრო მეტად გავზარდოთ ეს თავისუფლება. ჩემს პასუხისმგბელობასაც ვხედავ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არასდროს შეექმნას საფრთხე.
უბრალოდ, ამ პროცესების მმართველ გუნდთან დაკავშირება ხელოსვნური მგონია. თუ კონკრეტული შეკითხვებია რაღაც საქმეებთან დაკავშირებით, შეიძლება ამაზე პასუხის გაცემა შესაბამისი უწყებებისთვის. ამის დაკავშირება მედიის თავისუფლებასთან, არასწორია”, – აცხადებს გოგუაძე.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
“ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში მამამისის ავთანდილ წერეთელის პორკურატურაში დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს შანტაჟია და სანამ ცოცხალია არხი არ გაითიშება.
“რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალი მენეჯმენტი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ღიად ცდილობს, რაც “ქართული ოცნების” ინტერესებს ემსახურება.