დღეს რაც ხდება არის სამწუხარო დასასრული იმ ეპოპეის, რომელიც დაიწყო 2004 წელს. მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო მედიიდან “რუსთავი 2-ის” პროპაგანდისტულ მანქანად გადაქცევა და პრაქტიკულად, მოვედით ვითარებადმე, როდესაც პრაქტიკულად, ხდება მისი როგორც მედიის განადგურება, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას “შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებულ ვითარებას.
უსუფაშვვილის განცხადებით, სააკაშვილის მიერ “რუსთავი 2-ის” დაქცევის პროცესი, სრულდება “ქართული ოცნების” მხრიდან ამ პოლიტიკური ინსტრუმენტის განეიტრალების პროცესით.
“ქიბარ ხალვაშს არასდროს ქონია “რუსთავი 2-ის” მართვის თუ ფლობის სურვილი -არც 2004 წელს, როდესაც ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა შეაჩეჩეს ხელში, არც მაშინ, როდესაც 2 წლის შემდეგ გამოართვეს, არც მაშინ, როდესაც “ოცნების” ხელისუფლების პირობებში ტელეკომპანიისთვის დავობდა, რადგან მისი რეალური მიზანი იყო სააკაშვილის მიერ ჩამორთმეული და განადგურებული სხვა ბიზნესების დაბრუნება. ხალვაშისთვის დღევანდელი ვითარება ნათელია – ის რუსთავი 2-დან” ვერც ბიზნეს, ვერც მორალურ და ვერანაირ სარგებელს ნახავს. ხალვაში ტელევიზიას დიდი სიამოვნებით გაუშვებს ცოტა ხანში გაკოტრებაზე. სააკაშვილის მიერ “რუსთავი 2-ის” დაქცევის პროცესი, სრულდება “ქართული ოცნების” მხრიდან ამ პოლიტიკური ინსტრუმენტის განეიტრალების პროცესით. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან “რუსთავი 2-მა”, როგორც სერიოზულმა ინსტიტუციამ, ერთ-ერთი დიდი როლი ითამაშა საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არხის მფლობელი ქიბარ ხალვაშისა და გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით, ტელევიზიიდან 20 აგვისტოს გაათავისუფლეს არხის წამყვანი სახეები ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი.
არხი დატოვეს პაატა იაკობაშვილმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმაც.
დღეს ეთერში არ გასულა დილის და 12-საათიანი “კურიერი”.
რამდენიმე საათია “რუსთავი 2-ის” საიტზე არც ერთი ნიუსი დადებულა.