ახალი ამბები მედია მთავარი

ომბუდსმენი რუსთავი 2-ზე – ჟურნალისტების გათავისუფლების საფუძვლები დამატებით შესწავლას მოითხოვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “რუსთავი 2-დან” ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ჟურნალისტთა გათავისუფლება მათ განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, მომართვის შემთხვევაში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს ინდივიდუალური შემთხვევები, ამასთან, გაეცნოს და შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შრომითი ხელშეკრულებების ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 18 ივლისის საჯარო განცხადებით, ასევე, 2019 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესები უარყოფითად არ აისახოს ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებაზე, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იყოს კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება”- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, წამყვანები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. ასევე გიორგი ლაფერაშვილიც.

იტვირთბა....