ახალი ამბები მედია მთავარი

“რუსთავი 2” არ გაიყიდა, მივიღე გადაწყვეტილება, ტელევიზია არ გაკოტრდეს და გახდეს მომგებიანი – ხალვაში

დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განვსაზღვრე იმისათვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასხვისებასთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას, – ამის შესახებ განცხადებას არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს.

ტელევიზიის აქციების 100 პროცენტის მფლობელი ამბობს, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, ხოლო რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას საკუთარი ძალებით შეეცდება.

“რუსთავი 2“ უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს.

მე მაქვს ბიზნესში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის ინტერესები, გავუმკლავდები ამ პრობლემებს.

ამასთან ერთად, ვაცნობიერებ, რომ მომიწევს რთული მოლაპარაკებები კრედიტორებთან, რათა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველა სირთულეს დავძლევთ.

ჩემს უპირველეს ვალდებულებად ვთვლი, სააკაშვილისგან გათავისუფლებული ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნოს ნდობა – იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი.

ამავე დროს, გავაგრძელებ სამართლებრივ დავას ყოფილ გენერალურ დირექტორთან, რომელიც, როგორც ყველასთვის ნათელი გახდა, შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და არხს მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა. ვიმედოვნებ, რომ ტელეკომპანია შეძლებს დაიბრუნოს მისგან უკანონოდ მითვისებული თანხები, რაც საბოლოოდ ისევ არხის კეთილდღეობას მოხმარდება.

დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი2“ უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება.

კომპანიის გაჯანსაღებისთვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!“ – ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

იტვირთბა....