ტელეკომპანია “კავკასიის” მფლობელი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ტელევიზიების ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს და ამბობს, რომ ერთ წელზე ემტი რესტრუქტურიზაცია მის მიერ აღქმული იქნება როგორც ვალების პატიება და ამას არ დაუშვებს.
“ჩემი პოზიცია ტელევიზიების დავალიანებებთან დაკავშირებით:
ბოლო ბოლო ითქვა ოფიციალურად:
რუსთავი – 28 მილიონი
იმედი – 19 მილიონი
მაესტრო – 8 მილიონი
ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკეები დაიწყოს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. ერთ წელზე მეტი რესტრუქტურიზაცია ჩემს მიერ აღქმული იქნება როგორც ვალების პატიება და უკვე მესამედ ამ დიდ უსამართლობას აღარ დავუშვებ. როგორც კი ერთ წელზე მეტ ვადიან რესტრუქტურიზაციას ახსენებთ, შევწყვეტ გადასახადების გადახდას და ვნახოთ ერთი როგორ გამეკარებით სიახლოვეს. გარდა ამისა, მოვითხოვ ბოლო 20 წლის მანძილზე რაც გადამიხდია ბიუჯეტში სახელმწიფომ დამიბრუნოს უკან, იმიტომ რომ ფაქტიურად ბოლო ოცი წელია ე.წ. ლიდერი ტელევიზიები ფაქტიურად გათავისუფლებულები არიან გადასახადებისგან – აგროვებენ ვალებს და მერე სახელმწიფო პატიობს. ეს მარტო უსამართლობა კი არა უკვე კრიმინალია – არხების ნაწილი მუდმივად გათავისუფლებული იყოს გადასახადებისგან და ჩემნაირ არხებს ტყავს აძრობდეს სახელმწიფო.
ივანიშვილს უნდოდა იმედი– მისია
უნდოდა მაესტრო– მისია
უნდოდა რუსთავი2– მისია
ხოდა გადაიხადოს სასწრაფოდ ბიუჯეტში თავისი არხების 55 მილიონი თორემ ისეთ სკანდალს ავტეხ, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებათ”, – ნინო ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელევიზიებს მოუწოდა, მიმდინარე ვალების გადახდა დღეიდანვე დაიწყონ.
ამასთანავე, მინისტრმა მათ მიმართა, 1-2 კვირის ვადაში, მივიდნენ შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას.