შენ პირადად პაატა სალია დახურე “რუსთავი2” და ამიტომ აგეხევა სახე – ამ განცხადებით, “რუსთავი2”-ის ყოფილმა დირექტორმა, მოქმედ დირექტორს “კურიერის” პირდაპირ ეთერში მიმართა.
გვარამია არქივის გაყიდვის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ “რუსთავი 2-ის” არქივი არაერთხელ გაიყიდა და ამაში ტელევიზია ფულს ღებულობდა.
„არქივის გაყიდვას რაც შეეხება, არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაყიდულა რამდენიმეჯერ და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს, არარაობავ, ისწავლე, რას ნიშნავს კომერციული საქმიანობა და სად იმყოფები, არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ შენ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტელევიზიის დირექტორი“, – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 2015 წლიდან მოყოლებული კომპანიის ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდებოდა, შემოსავლები კი მცირდებოდა, თუმცა ზარალის მიუხედავად კომპანიის მენეჯმენტი ასეულ ათასობით პრემიებს იღებდა.
სალიას განცხადებით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ისინი სასამართლოს მიმართვენ.