ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის 8 აგვისტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას
სახელმწიფო დეპარტამენტი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 11 წელი გავიდა. ასობით ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, 190 000 სამოქალაქო პირი კი იძულებით გადაასახლეს. ბევრისათვის კონფლიქტის შედეგები დღემდე გრძელდება: განადგურებული საარსებო წყარო, დაშორებული ოჯახები, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა და კერძო საკუთრება, რომელიც ჯერაც არ დაუბრუნებიათ. ბოლო 24 საათის განმავლობაში მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში. ბორდერიზაციის დასრულების შემთხვევაში სოფელს საირიგაციო სისტემა ჩაეკეტება. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს.
„როგორც დღევანდელი მოვლენებიც ცხადყოფს, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს. მეტიც, საქართველოში რუსეთის შეჭრა და მისი ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია წარმოადგენს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება”,- ნათქვამია განცხადებაში.
აშშ მოუწოდებს რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანის შესახებ. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს და შეასრულოს პირობა საქართველოს მიმართ ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ მანამდე არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანისა და დევნილის სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას.
და ბოლოს, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ველით იმ დღეს, როდესაც ერთად აღვნიშნავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
შეგახსენებთ, რომ წელს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.