სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი შტურმის შედეგად დაკავებულია. თუმცა, ამ წუთებში ისევ “რია ნოვოსტი” წერს, რომ სპეცოპერაციის შედეგად ატამბაევი დაკავებული არ არის და მან გაქცევა მოახერხა.
აღსანიშნავია, გავრცელდა ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის განცხადება, რომელშიც ის აღიარებს, რომ გუშინ მისი აყვანისთვის განხორციელებული სპეცოპერაციის დროს ის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.
“ტყუილია რასაც ტელევიზორში ამბობენ, დიახ მე ვისროდი, ოღონდ მაშინ როცა ბავშვები იქ აღარ იყვნენ. დიახ შტურმისას ვისროდი, ვცდილობდი ბავშვებისთვის არ მომერტყა” – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.
დაკავებულია ატამბაევის პირადი დაცვის წევრები, რომელთაგან რამდენიმე დაჭრილია. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, სულ დაზარალდა 52 ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი კლინიკაშია მოთავსებული. წყაროს ინფორმაციით, შტურმის დროს, რამდენიმე სპეცრაზმელი მძევლად იყო აყვანილი.
დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, ატამბაევის დაკავება-არდაკავებასთან დაკავშირებით “მეტრონომი” პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას.
შეგახსენებთ, გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის სახლი შტურმით აიღეს და ბრალდებული ექს-პრეზიდენტი დააკავეს.