ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, გაზეთ “ალიასთან” ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა ბევრ საკითხზე, მათ შორის პირველად მოჰყვა ის, თუ რამ გამოიწვია განხეთქილება მასსა და ზვიად კუპრავას შორის, რომელიც პირველივე დღიდან გვერდით ედგა სარალიძეს.
“მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან, რომელიც “ალიას” 29 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა:
“კუპრავა ჩემი საუკეთესო ძმაკაცის ცოლის დეიდაშვილია, ადრეც ვიცნობდი, ჩემი შვილის მკვლელობის მერე კი არ გამიცნია?! სიმართლეს გეტყვი, ბევრი მეუბნებოდა, არ მიმეცა კუპრავასთვის და სხვა “ნაციონალებისთვის” გვერდით დგომის უფლება, მაგრამ მაშინ მე არ ვფიქრობდი ამაზე და არც მაინტერესებდა. ერთადერთი რაც მაინტერესებდა, იყო სიმართლის პოვნა.
გახსოვთ ალბათ, კუპრავა მიკროფონს რომ მივარდა და იყვირა – “მე და ზაზა ვრჩებით მეგობრებად და არა თანამებრძოლებად” მოგიყვებით, რა უძღოდა მაგ სიტყვებს წინ:
ერთი-ერთზე ვისხედით მე და კუპრავა კარავში, ეს ის პერიოდია, ბოდიში და თავზე რომ გადაი…ს გინდა თუ არა მთავრობა გადადგესო. დავისვი, მომისმინე – სისტემის შეცვლას რომ ვითხოვ, ვინაა სისტემა, მთავრობა არაა? სისტემა თუ შეიცვლება, მთავრობის შეცვლა არ გამოდის? მთავრობა გადადგეს რომ იძახი, ეგ ისე ჟღერს, რომ რევოლუციას ვითხოვთ, ასე დაიგებს ხალხი და ეგ არ მინდა-მეთქი. წამოხტა – მე ამ საქმიდან, თანამდებობას ველოდები ძმაოო!
გადამეკეტა მაშინ, გადამეფარა თვალზე რაღაც, ერთი წავუთაქე კიდეც და მანდ დამთავრდა ჩემი კუპრავას მიმართ ნდობა. მეტიც, ყველას მიმართ დამთავრდა ნდობა, ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი. მართალია, ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ მიყენებდნენ და ყველა რაღაცას ელოდა ჩემს გვერდში დგომისგან – სულელი არ ვიყავი, მაგრამ რაღაც გინდოდეს და ეს რაღაც, სისტემის შეცვლა იყოს ახლით – სხვაა და თანამდებობას რომ ელოდები ჩემი მოკლული შვილის სისხლით და რომ მავალდებულებ, ისე მოვიქცე მეც, რომ შენ ეს თანამდებობა უეჭველად მოგცენ, მაგას რა დავარქვა აღარ ვიცი!
თუ გახსოვთ, კარვების დადგმის ნებართვა რომ მოვიპოვეთ, როგორც იქნა, აი მაგის მერე დაიჭირეს კუპრავა. კი არ დაიჭირეს, უფრო სწორედ, ინსცენირებული იყო ეგეც, დააჭერინა თავი.
ერთხელ რომ მკითხა, სუს-ი იქნებოდა მიტინგზე და ისინი დაუშენდნენ კვირიკაშვილს ბოთლებსო, არაფერი სუს-ი და კუდი იქ არ იყო, ჩემი თვალით მაინც არ მქონდეს ნანახი, ჩემი ყურით არ მქონდეს მოსმენილი, რომ კვირიკაშვილს ბოთლები კუპრავას დავალებით ესროლეს და არა – გახარიას. ვინც არ უნდა მოსულიყო, ვისაც იცნობდა და არ იცნობდა, ყველა მოგზავნილი იყო, ჩემს სისხლზე და ხორცზე, ჩემს ნათესავებზე მითხრა, ჩემს ძმაკაცებზე და დაქალებზე, ეგენი მოგზავნილები არიანო. სულ რომ მტერი ყოფილიყო, ყველას მივიღებდი, ვინც იტყოდა, რომ სარალიძეს სამართალი ეკუთვნის და უნდა მიიღოსო. ირაკლი კაკაბაძეს უნდოდა მოსვლა, უნდოდა ესაუბრა გირგვლიანზე, რობაქიძეზე, სარალიძეზე და მაჩალიკაშვილზე და არ მოვუშვებთო, უთქვამთ… ისეთ ხალხს არ უშვებდნენ ჩემამდე, ზოგი გავიგე, ზოგი გვიან გავიგე. საერთო ჩათი გვქონდა და იქ ერთხელ დაწერა, ეს აქციაზე არ მოვუშვათო, ვიღაცაზე და გავგიჟდი, კიდევ თავისას რომ იმეორებდა და სულ გავაუქმე ის ჩათი! – რად მინდა დაცვა, ვისგან მიცავ? ხალხისგან მიცავ? აბა თუ მომკლავენ, ეგ მადარდებს? – სულ ამას ვეუბნეოდი, მაგრამ.
რომ იტყვიან, რატომ დადექი ნაცებთანო, ყველას ვინც ამას მეუბნებოდა, ხომ ვპასუხობდი, მაშინ, მოდით, თქვენ დადექით და მხოლოდ ის მოვითხოვოთ, რაც მე და მალხაზს გვინდა – სამართლიანობათქო! სად იყვნენ მერე ეს ხალხი? სად არიან? სიმართლე ისაა, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ და ერთმანეთს ასულდგმულებენ. სააკაშვილმა და ივანიშვილმა შეთანხმებულად დაიჭირეს და გაწირეს კუპრავა, ზუსტად იმ განცხადების გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობა და პრემიერობა უნდოდა. ასევე დაიჭირეს ერთად სააკაშვილმა და ივანიშვილმა კირკიტაძეც, რომელმაც ისე იაქტიურა, ისეთი ლიდერობა გამოიჩინა, ისეთ საფეხურზე ავიდა – შეეშინდათ, ახალი ძალის გამოჩენის. დაიჭირეს და მიატოვეს ციხეში.
თუ გახსოვთ არჩევნების დროს ნიკა მელია, შეფარულად, მაგრამ გააკრიტიკა სააკაშვილი – გარდა ამისა, ნიკა მელიამ ნახტომი გააკეთა უცებ და მისგანაც მომავალი ლიდერი დაინახეს და ამიტომ დაიჭირეს. მარტო ივანიშვილი კი არ წყვეტს ამათ დაჭერას, ერთად მოქმედებენ ივანიშვილი და სააკაშვილი. არავინ უნდა გამოჩნდეს ასპარეზზე ამ ორის გარდა – ეგრე უნდათ.
იცოდა გვარამიამ, რომ ამაზე და კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრებდი და ამიტომ არ დამაცადა საუბარი. ასე დაწვრილებით არა, მაგრამ ვაპირებდი იმ ეთერით ამ ამბების მოყოლას. გვარამია ყველანაირად ცდილობდა, მოთმინებიდან გამოვეყვანე, ცდილობდა ის მეთქვა, რაც მას აწყობდა.
ვერ გამომიყვანდა მოთმინებიდან გვარამია, რაც მე ამ წლების მანძილზე გავუძელი, გვარამია რას დამაკლებდა, მაგრამ სანამ მე სტუდიაში შევიდოდი, თუ გახსოვთ პატრიარქი მოიხსენია ცუდათ და მაგან გადამიყვანა ჭკუიდან. არავის სარწმუნოებას არ ვეხები. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი. პატრიარქი რომ არა, არ ვიცი რა მოგვივიდოდა. ძალიან ხშირად ესიზმრება ნათიას. როცა პატრიარქიდან სახლში ვბრუნდებით, ორივე დიდ ძალას ვგრძობთ. ეს უფლისგან მომავალი ძალაა. ამას ვერ გავექცევი, ფაქტებით გვიმტკიცებს უფალი, რომ ჩვენს გვერდითაა. არავის მივცემ უფლებას ჩემს სარწმუნოებას და ჩემს პატრიარქს აუგად შეეხოს”.