თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დღეს ადგილზე დაათვალიერა.
მისი თქმით, პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს და 7 თვის ვადაში დასრულდება.
„ახალი გზა მოძრაობას განტვირთავს. ბევრი ადამიანი სარგებლობს მაჭავარიანის ქუჩით, რომელიც საკმარისი არ არის. კონკრეტულად „აგროჰაბსა“ და „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან იქნება ჩასასვლელი, სადაც შეუერთდება მარშალ გელოვანის გზას.
ახალი იქნება 4-ზოლიანი: ორი ზოლი ერთი მიმართულებით, ორი ზოლი – საპირისპირო მიმართულებით. გარდა ამისა, დარჩება გვერდითი ზოლი იმისთვის, რომ თუ ავტომობილი გაჩერდა ან შეფერხდა, გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. ეს იქნება ბეტონის გზა თავისი განათებებით, წყალამრიდებით და ყველანაირად მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე და დავით უთმელიძე.