საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყალბი რეცეპტების დამზადების გამო ექიმი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად სჩადიოდა.
“სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ექიმი რ.ჯ. დააკავა. იგი სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა ქ.ბორჯომში და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ რეცეპტებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას გასაღების მიზნით და გასაღებას გულისხმობს. დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა”.- ნათქვამია პროკურატურის გაცხადებაში.