“რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ამ წუთებში არხის ახალ მფლობელს ქიბარ ხალვაშს ხვდებიან. როგორც დავით დვალი აცხადებს, მათთვის კონკრეტული წინადადებები თუ რას შესთავაზებს ქიბარ ხალვაში, უცნობია.
„ძალიან გამიძნელდება რაიმე პროგნოზი, ჩვენ უბრალოდ მოვისმენთ დღეს და მე მინდა წინასწარ შეგამზადოთ იმისთვის, რომ დღეს, ალბათ, ჩვენ არანაირ პასუხს არ ვიტყვით, ჩვენ მარტო მოვისმენთ და განვიხილავთ,“ – განაცხადა დავით დვალმა.
მისივე თქმით, ისინი კონკრეტული წინადადებით არ მიდიან და მხოლოდ ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას მოისმენენ.
რაც შეეხება ჯარჯი აქიმიძეს, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მოისმენენ თუ რას სთავაზობს ქიბარ ხალვაში, შემდგომ დაიგეგმება სამომავლო ნაბიჯები.
„ჩვენ შევთავაზებთ, რომ ის რასაც თვითონ შემოგვთავაზებენ გამოვიდნენ და თვითონ გაახმოვანონ, რომ მერე არ მოჰყვეს ამას ზედმეტი საუბრები,“ – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
მისივე თქმით, ამ დრომდე ის და დავით დვალი ქიბარ ხალვაშს არ შეხვედრიან და მათ კომუნიკაცია ჰქონდათ პაატა სალიასთან.
შეგახსნებთ, რომ ქიბარ ხალვაშს, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შორის შეხვედრა “რუსთავი 2”-თან დაკავშორებით იმართება.
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშთან შესახვედრად მივიდნენ
Gepostet von Rustavi 2 am Dienstag, 30. Juli 2019