ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატრიოტთა ალიანსი” რუსეთთან დიალოგის მოთხოვნით ბათუმში აქციას გეგმავს

28 ივლისს, ბათუმში „პატრიოტთა ალიანსი“  აქციის ჩატარებას გეგმავს, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება დიალოგი რუსეთთან.

„აქციის მოთხოვნები ბევრია. არა – ომს, გასამართლდეს სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმი, გვინდა დიალოგი, სამხედრო მიუმხრობლობა, ტურიზმის ხელშეწყობა და ა.შ“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ არჩილ ლეკიშვილმა, „ალიანსის“ სამდივნოს წევრმა.

კითხვას, იგულისხმება თუ არა დიალოგი რუსეთთან, არჩილ ლეკიშვილი პასუხობს: „არა მარტო რუსეთთან, ასევე სოხუმთან და ცხინვალთან, რომელიც დაწყებულია, გაჩერდა და აღარ ვითარდება.“

ბათუმში დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია რუსულმა „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა სათაურით – „საქართველოში გაიმართება მიტინგი რუსეთთან ძველი ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით“. გამოცემა „ალიანსის“ წარმომადგენლის, გიორგი ლომიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბათუმში გამართული მიტინგის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება საქართველოს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში აგრესიულ რიტორიკაზე უარის თქმა.

„ეს ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ იმათ თუ დაწერეს.. ერთ-ერთი მოთხოვნა ეს არის, დიალოგი და არა მარტო რუსეთთან. ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგათაც უნდა დაველაპარაკოთ, ყველას უნდა დაელაპარაკო ამ თემაზე. მაგრამ ტურიზმიც იქნება, საოჯახო ბიზნესიც” – განაცხადა  ლეკიშვილმა.

რატომ გადაწყდა ბათუმში ამ აქციის ჩატარება? – არჩილ ლეკიშვილი ამბობს, რომ თბილისში „ალიანსს“ უკვე ორჯერ ჰქონდა შეხვედრა სპორტის სასახლეში, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე:

„ზუგდიდშიც ვიყავით, ქუთაისში იყო, ახლა ბათუმი, მერე იქნება გორში, თელავში და ა.შ.“ – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი პარტიაა, რომლის წევრი დეპუტატებიც ამ დრომდე მოსკოვთან პირდაპირ დიალოგს თანხმდებოდნენ და არაერთხელ იმყოფებოდნენ რუსეთში. რამდენიმე წლის წინ „პატრიოტთა ალიანსმა“ აქეთ მოიწვია საქართველოში რუსეთის დუმის დელეგაცია ლეონიდ კალაშინკოვის ხელმძღვანელობით.

იტვირთბა....