მედია დემოკრატიის მთავარი საყრდენია. ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ თქვენ უნდა გადარჩეთ და იმუშაოთ თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი ხალხისთვის, რადგან დადგება დღე, როდესაც თქვენ ყველაფერი გამოგივათ,- დღეს ეს განცხადება “რუსთავი 2” – ის შესახებ ბრიუსელში გაკეთდა. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ “რუსთავი 2-ის” საქმეს სიღრმისეულად იცნობენ მოვლენების განვითარებას მუდმივად აკვირდებიან.
მოლდოვის პრემიერმინისტრმა, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მედია დემოკრატიის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დამოუკიდებელი მედია. თქვენ უნდა გააგრძელოთ ბრძოლა. მედია დემოკრატიის მთავარი საყრდენია. ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ თქვენ უნდა გადარჩეთ და იმუშაოთ თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი ხალხისთვის, რადგან დადგება დღე, როდესაც თქვენ ყველაფერი გამოგივათ,” – განაცხადა მოლდოვის პრემიერმინისტრმა, მაია სანდუმ.
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა კი დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ჟურნალისტები გრძნობენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება, ამას დამოუკიებელი მედია აღარ ჰქვია
„ჩვენ ვიცით “რუსთავი 2-ზე” სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ. ვერ ვხედავ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაკარგავის საბაბს. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არის თავისუფალი მედიის ბირთვი. თუ ჟურნალისტები გრძნობენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება, ან ეუბნებიან რა, როგორ გააკეთონ, ამას დამოუკიებელ მედიას ვერ ვუწოდებთ. ველი, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და აზრთა მრავალფეროვნება გაიმარჯვებს, რადგან საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა და ცდილობს, უფრო მეტად მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ევროპული სტანდარტები კი მკაფიოა – ჩვენ ვსაუბრობთ იმ ყველა ღირებულებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ღირებულებების გარეშე შეიძლება დაკარგოთ ნდობა თქვენი დემოკრატის მიმართ. ამიტომ, იბრძოლეთ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც უნდა გაუფრთხილდნენ. ჩვენ კი ყურადღებით დავაკვირდებით სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებას,“ – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.