ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

27 ადამიანი სადისტურად აწამეს და მოკლეს – რა ხდებოდა რამზან კადიროვის კაბინეტში

მოსკოვში, უფლებადამცველთა ცენტრ “მემორიალში” წარმოადგინეს ახალი მტკიცებულებები, 2017 წელს ჩეჩნეთში 27 ჩეჩენი მოქალაქის წამებისა და დახვრეტის შესახებ, რომელიც, როგორც ირკვევა “კადიროვის სახელობის სარდაფში” განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ნიუსრუ” ავრცელებს.

უფლებადამცველებმა წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომლითაც ირკვევა, რომ წამების პროცესს ხელმძღვანელობდა არაფორმალური დაჯგუფება. წარმოდგენილი იყო ასევე 67-კაციანი სია, რომლიდანაც 27-ის შესახებ დღემდე ინფორმაცია არ მოიპოვება. ამასთან, დადგინდა ადგილი, სადაც წამება განხორციელდა – ეს მოხდა ჩეჩნეთში, პოლიციის მე-2 პოლკად ცნობილ “კადიროვის სახელობის სარდაფში” .

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე 27 ადამიანის გაუჩინარების ფაქტზე საქმე გადაეცა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო უწყებას, რომელმაც საბოლოოდ, დადო დასკვნა, რომ დაკაგული ადამიანები სირიაში გაემგზავრნენ, “ბოევიკების” მხარეს საბრძოლველად.

თავის სტატიაში, ჟურნალისტი ელენა მილაშინა აღწერს წამების დეტალებს. სტატიის მიხედვით, ადამიანები აღნიშნულ სარდაფში რიგრიგობით შეჰყავდათ და ხვრეტდნენ. “ნაწილი შეიყვანეს და ახრჩობდნენ იმ მოტივით, რომ სისხლის კვალი არ დარჩენილიყო” – წერს მილაშინა.

მისი მონათხრობით, დახრჩობის პროცესი საკმაოდ სასტიკი იყო. რამდენიმე ადამიანს ერთად, აწვედნენ იატაკზე, ყელზე აბამდნენ რკინის კაბელს და კაბელზე ერთი ზემოქმედებით რამდენიმე ადამიანი იღუპებოდა. მათ შორის იყო ვინმე ადამ დასაევი, რომლის დაკავება სახალხოდ მოხდა და მის შესახებ მაშინ გაიხსენეს, როცა ის მალაშინას სიაში აღმოჩნდა.

მოგვიანებით დააკავეს ადამ დასაევის ბიძაშვილი ირმან დასაევიც. მისი დაკავების დროს, სახელისუფლებო ტელევიზიაში აჩვენეს ფეხში დაჭრილი ირმანი და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ის დაკავებისას დაიჭრა. თუმცა, როგორც ირკვევა, მისი დაჭრა სულაც არ მომხდარა დაკავების პროცესში. ირმანმა საკანში მოუყვა სიმართლე მასთან მჯდომ პატიმრებს, რომ ის არ დაჭრილა დაკავების დროს.

ჟურნალისტი ელენა მილაშინა ბოლომდე მიჰყვა მოვლენებს და გაარკვია, რომ დაკავების დღეს, ირმან დასაევი განყოფილებაში არ წაუყვანიათ. ის პირდაპირ, კადიროვის ბრძანებით მიიყვანეს ჩეჩნეთის ადმინისტრაციის შენობაში, კერძოდ, კადიროვის კაბინეტში.

“ჩეჩნეთის ლიდერმა ამოიღო იარაღი და ქაოტურად დაიწყო სროლა იატაკის მიმართულებით, თუმცა, ერთი გასროლა საბედისწერო აღმოჩნდა ირმანისთვის. მას ტყვია ფეხში მოხვდა” – წერს მალაშინა.

მალიშინა თავის გამოძიებაში წერს, რომ კადიროვის გვერდით მდგომი ადამიანებიდან ყველა არ არის სადისტი. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება და ხდებოდა ჩეჩნეთის ლიდერის ადმინისტრაციაში თუ პოლიციის ამა თუ იმ განყოფილებებში. ჟურნალისტი აპირებს ბოლომდე მოუყაროს თავი ყველა დოკუმენტს და სჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაისჯება ყველა, ვინც სადისტურად ეპყრობოდა ადამიანებს.

 

 

იტვირთბა....