ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რ 2-ის საქმეზე არ აღსრულებულიყო სტრასბურგის გადაწყვეტილება” – სალია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„სოციალური მედიით, ტელევიზიის მეშვეობით გაკეთდა სხვადასხვა განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თითქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობას. ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ გარკვეულ სპეკულაციებს. პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სარჩელი და „რუსთავი 2“-ის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების, ყარამანიშვილების, ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

„რუსთავი 2“-ის სარჩელი, რომელთან დაკავშირებითაც გამოყენებული იქნება უზრუნველყოფის ღონისძიება, შეგახსენებთ, რომ ეს უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო და არსებობდა გამოხატვის, სიტყვის თავისუფლების საფრთხე. სასამართლო გადაწყვეტილებით გამოირიცხა ამგვარი საფრთხის არსებობა. მართალია, ეს უპრეცედენტო ღონისძიება იქნა გამოყენებული თავის დროზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ, თუმცა მოგეხსენებათ, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენებისას მტკიცების სტანდარტი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქმის დასაშვებობის ან არსებითი განხილვისას. შესაბამისად, განიხილა რა „რუსთავი 2“-ის სარჩელის დასაშვებობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები. ასევე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე წერილი, იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც მან გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა. შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.

ჩვენი მოქმედება, პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშისა და მისი წარმომადგენლის მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერც ერთი დღევანდელი კომენტარი, ვერც ერთი პირი ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მოხდა. ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, ისეთი განცხადებებისგან, რომელმაც შეიძლება არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს. ეს არის ჩემი თხოვნა და ის პოზიცია, რაც აქვს არხის მესაკუთრეს, დღევანდელ მესაკუთრეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო, არ არსებობდა. ეს არის ცალსახა.

ხაზი მინდა გავუსვა გასაჩივრების საკითხს. მოგეხსენებათ, რომ დასაშვებობის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არ საჩივრდება, შესაბამისად, ის მაშინვე შედის ძალაში. ამიტომ, ასევე სპეკულაციებია ის განცხადებები, რაც გულისხმობს, რომ სამი თვის ვადაში არ შეეძლო იუსტიციის სამინისტროს დაერეგისტირებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. შეგიძლიათ, ნახოთ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ვინაიდან გამოირიცხა საკითხი, რომ არსებობდა საფრთხე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღარც შევიდა მსჯელობაში, რადგან არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მხარეს არ დარღვევია ეს უფლება, მათ შორის „რუსთავი 2“-ს, არ არსებობა საქმის დასაშვებად და საქმის არსებითად განხილვის საფუძველი. ესე იგი სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არის გამოხატვის თავისუფლების საფრთხე, ეს დავა მიიჩნია კერძო სუბიექტებს შორის ქონებრივ დავად. ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტებები და ასახა ეს გადაწყვეტილებები სარეზოლუციო ნაწილში. ამ ნაწილშიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

რაც შეეხება უზრუნველყოფის ღონისძიებებს, სალიას განცხადებით, ქონებრივი დავებიდან გამომდინარე სარჩელებზე სტრასბურგის სასამართლოში არსებობს ცალსახა პრაქტიკა, რომ 39-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს სტრასბურგის სასამართლო არ იყენებს ქონებრივ დავებთან მიმართებაში.

„ესეც არის იმის ერთ-ერთი დამადასტურებელი გარემოება, რომ ვერ იპოვით პრეცედენტს, განსაკუთრებით კი საქართველოდან წასულ საქმეებში, რომ ქონებრივი დავიდან გამომდინარე სარჩელებზე სტრასბურგის სასამართლოს მიეღოს დროებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

იტვირთბა....