საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრისას “პოლიტიკურად პოზიციების გამაგრებასა” და “პოლიტიკური წონის გაძლიერებას” ახსენებს.
“რეალურად ეს არის საკმაოდ სერიოზული ემოციური მდგომარეობა, რასაც მე პირადად ყოველთვის ვითვალისწინებდი. სახელმწიფოს აქვს საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება ასეთი ფაქტების მიმართ. მაგრამ ამ ემოციის გადაჭარბება, იგივე თავის თავისთვისაც[ბესელიასთვისაც] არ არის მისაღები, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პოლიტიკურად გარკვეულ პოზიციებს საკმაოდ უმაგრებს… ის რაც თუნდაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს.
ანუ, აქ არის ორი ასპექტი: ერთი არის წმინდა ადამიანური, სადაც სრულიად ვიზიარებ ამ პათოსსა და დამოკიდებულებას. მეორე არის ის, რომ თვითონაც კარგად იცის, ვინ ფლობდა ამ ჩანაწერებს და ვის შეიძლება აწყობდეს ამ ჩანაწერების გავრცელება როგორც მისი პირადი პოლიტიკური წონის გასაძლიერებლად, ასევე იმ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, რომელიც შეიძლება გამოხატოს თუნდაც თქვენმა მედიასაშუალებამ” – განაცხადა ვოლსკიმ.