ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოჯრის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის გამგეობამ კოჯორში, იუნკერების ქუჩაზე, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. სკვერის ტერიტორია ახლებურად დაგეგმარდა და სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა.

პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგო, ხოლო არსებული კიბეები ბაზალტის ქვებით მოპირკეთდა. მოეწყო ფიტნეს და საბავშვო გასართობი ზონები – დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი, მათ შორის, ადაპტირებული საქანელა შშმ პირებისთვის. სკვერში, ასევე, მოეწყო განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და ადაპტირებული წყარო.

აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობებს და ქართველი პოეტისა და სამხედრო მოღვაწის, გრიგოლ ორბელიანის მონუმენტს. რეაბილიტირდა სკვერში მდებარე მინი სპორტული მოედანი.

ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები – მწვანე ნარგავებისთვის შესაბამისი ზონები გამოიყო, სადაც ტუიას, კვიდოს, უთხოვარისა და წყავის ნერგები დაირგო. ხვიარა ვარდებისთვის კი ლითონის კონსტრუქციები დამონტაჟდა, რის გასწვრივაც საბაღე სკამები და ურნები დაიდგა. შესაბამისი ინვენტარი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა.

კოჯრის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 440 ათასი ლარი დაიხარჯა.

იტვირთბა....