Media ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არხის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტიაა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს.

“ასეთ ვითარებაში ჩვენი ღრმა რწმენით, მთავარ პრობლემას და საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისთვის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნისთვის, საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების და მთლიანად “რუსთავი 2”-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცლა წარმოადგენს.

“მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო “რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგანაც ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის “რუსთავი 2”-ის ყველა თანამშრომელი. მისი კონტრაქტი კი “რუსთავი 2”-თან, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე არის დამატებითი გარანტია თითოეული თანამშრომლისთვის, რომ არხზე არ შეიცვლება მენეჯმენტი და შესაბამისად ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული.

“ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას გარდა გვარამიასი, არ იწვევს ჩვენში ნდობას და ეს გამოჩნდა პირველივე წუთებში, როდესაც საჯარო რეესტრში, ტელევიზიის წილების რეგისტრაციისთვის მისი ადვოკატი და როგორც თავად ამბობს, არხის მომავალი დირექტორი, პაატა სალია მივიდა სამთავრობო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ისე, რომ “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურისთვის არც კი უცნობებია და ჩვენი პროდიუსერების სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია. მიგვაჩნია, რომ ხალვაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს “რუსთავი 2”-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

“კურიერის” ყველა თანამშრომელი საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ მიზნად ისახავს საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის და ოკუპანტის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.
ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება” და მის მიერ მხარდაჭერილი ქიბარ ხალვაში, იზიარებენ ამ მიზნებს და ეთანხმებიან მიზნებისკენ სწრაფვის ჩვენს სულისკვეთებას.

“სწორედ ამიტომ, ჩვენი პოზია არის შემდეგი: ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება “კურიერის” და მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

“მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე “რუსთავი 2,” არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში.

“მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს არ დაარეგისტრიროს, გენერალური დირექტორის ცვლილება, რადგან ნიკა გვარამიას არსებული კონტრაქტი მენეჯმენტის ცვლილებას 2020 წლის ბოლომდე არ ითვალისწინებს და ეს იქნება კანონდარღვევა.

“ამ ბრძოლაში ჩვენ ერთსულოვნები ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას არხის მოქმედ მენეჯმენტთან ერთად საბოლოო გამარჯვებამდე”.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

ამავე გადაწყვეტილებით,  გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.

რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.

ქიბარ ხალვაშმა დღესვე განცხადება გაავრცელა, რომ ტელეკომპანიას მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.

ამავდროულად გვარამიამ განაცხაა, რომ მას კონტრაქტი აქვს და მის ამოწურვამდე არსად წავა.

ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2-ის” წილების გადასაფორმებლად საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.

იუსტიციის სახლში ამ წუთებში ოფიციალურად დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაში როგორც “რუსთავი 2”-ის მესაკუთრე. დოკუმენტების მიხედვით, ის 60 პროცენტის მფლობელია, ხოლო შპს “პანორამა” – 40.

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.

2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.

2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
„შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.

მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“.

სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.

ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.

იტვირთბა....