ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის ჩემი მორალური გამარჯვება” – ურთმელიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება

თამაზ ურთმელიძე, რომელმაც „რუსთავი2“-ის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა და ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს “პრაიმტაიმთან” აკეთებს.

„სტრასბურგის სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა გამართულად მუშაობს და ის არ უნდა იყოს ყოველწუთიერი დარტყმების ქვეშ. ცხადია, მფლობელის შეცვლით კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა და მათი გამოხატვის თავისუფლება. ეს გადაწყვეტილება საინტერესოა გამოხტავის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების ჭრილშიც. როგორც ჩანს, თავის დროზე იმდენად უხეშად იყო წართმეული ეს ქონება მესაკუთრისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოც ცალსახად დადგა საკუთრების უფლების მხარეს. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თურმე ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ქონება, რომელიც წაგვართვეს. ეს გადაწყვეტილება მაგალითი უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელიც კანონიერი მესაკუთრისთვის ქონების წართმევას მოინდომებს.

თქვენ იცით, რომ ამ საქმის განხილვის დროს ათასი სიბინძურე გავრცელდა ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ… ჩემი გამონათქვამები ინტერპრეტირებული იქნა ათასნაირად – „დედა ოჯახის წევრი არ არის“ და ა.შ. ამრიგად, სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის ჩემი მორალური გამარჯვებაც. თვითონ განხილვის პროცესში საშინელი წნეხის ქვეშ ვიყავი. თუ ვინმე რაიმე სახის ზეწოლას ცდილობდა მოსამართლეზე, ეს იყო სწორედ მოპასუხე მხარე და მე ამაყი ვარ, რომ ჩემს თავთან მართალი ვარ“, – აცხადებს ურთმელიძე.

რაც შეეხება, სტრასბრუგის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ევროსასამართლომ „რუსთავი2“-ს გასაჩივრების უფლება დაუტოვა და რომელიც სწორედ თამაზ ურთმელიძის მიკერძოებლობის საკითხს ეხება, ამ კითხვაზე ურთმელიძე პასუხობს:

„როგორც ცნობილია, ევროსასამართლოში ამ საქმეს შვიდი მოსამართლე იხილავდა, კონკრეტულად ამ საკითხზე, მხოლოდ ერთმა მოსამართლემ დააფიქსირა განსხვავებული აზრი, დანარჩენმა თქვა, რომ არანაირ მიკერძოებულობას ადგილი არ ჰქონია. სწორედ იმ ერთი მოსამართლის აზრის საფუძველზე გახდა შესაძლებელი ამ ნაწილში გასაჩივრება. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ვერნაირ პოლიტიკურ ზეწოლას მე პირადად ვერ ვგრძნობდი, თუ არ ჩავთვლით იმ წარმოუდგენელ წნეხს, რომელიც მოდიოდა თავად „რუსთავი2“-გან. მე ჩემს გადაწყვეტილებაში ვიყავი აბსოლუტურად თავისუფალი. მე, როგორც მოქლაქეს შესაძლოა მქონდეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, თუმცა არცერთ გადაწყვეტილებაზე ეს არ ასახულა“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თამაზ ურთმელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

ამავე გადაწყვეტილებით,  გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.

რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.

ქიბარ ხალვაშმა დღესვე განცხადება გაავრცელა, რომ ტელეკომპანიას მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.

ამავდროულად გვარამიამ განაცხაა, რომ მას კონტრაქტი აქვს და მის ამოწურვამდე არსად წავა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.

2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.

2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
„შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.

მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“.

სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.

ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.

იტვირთბა....