ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი – ზალკალიანი პუტინის მიერ ისტორიის დამახინჯებაზე

ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით.

“ეს ახალი არ არის. ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რაზეც საუბარი იყო, არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტში. როდესაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მე-19 საუკუნიდან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს და არგუმენტირებულად, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუკი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ. აქაც ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ არის ძალიან ბევრი ფაქტი”, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

მისი თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კონფლიქტის მოგვარების კუთხით ნაბიჯები გადაიდგას.

„რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ, მიმართული იქნება დეოკუპაციისკენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რისი დასტურიც არის ის, რაც აისახება იგივე ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ეს არის მუდმივად იმის გაცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ნორმები და ვალდებულებები რაც არის აღებული, უნდა იყოს შესრულებული“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიაზე ჟურნალისტებთან 9 ივლისს ილაპარაკა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიაზე ჟურნალისტებთან 9 ივლისს ილაპარაკა.

იტვირთბა....