„მოდით სწორი შეფასება გავაკეთოთ, ეს არ იყო არასასიამოვნო განცხადება, ეს იყო მტრული განცხადება სამშობლოს მიმართ. რა მიზანს ისახავდა გაბუნიას ეს განცხადება, ჯერ კიდევ კარგად არის გასარკვევი. ამ განცხადების შედეგად შეიძლება ძალიან ცუდი პროცესები დაწყებულიყო ჩვენს ქვეყანაში ჩვენივე თანამოქალაქეების მიმართ და ეს უბრალოდ არასასიამოვნო განცხადება არ არის, ამას მინდა ხაზი გავუსვა. მილიონ ნახევარი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ამ განცხადების შემდეგ მათ რა ბედი ეწეოდათ არავინ იცოდა. მყისიერად იმიტომ გაკეთდა განცხადებები, რომ მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველო”
ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინებაზე მთავრობის წევრების მყისიერ გმაოხმაურებებს;
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულად რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აგინა.
“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გაბუნიას ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა მიუღებელია და არხი გაბუნიას განცხადებაზე იმსჯელებს.
გაბუნიას განცხადებას მყისიერად გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა წევრები. მათ დაგმეს გაბუნიას განცხადება და აღნიშნეს, რომ ეს ყოველივე ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც და საერთაშორისო საოზგადოებას რეაგირება მოთხოვა.
გაბუნიას განცხადებაზე პარტია “ქართულმა ოცნებამაც” გაავრცელა განცხადება და გაბუნიას გამონათქვამები უბინძურეს პროვოკაციად შეაფასა.