ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ-მ პარლამენტს „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ, დადგენილების პროექტით მიმართა

„ნაციონალურმა მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა.

პროექტის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხების კომიტეტს უნდა დაევალოს იმ რუსი პოლიტიკოსების სიის შედგენა , რომელთა ვიზიტიც საქართველოში იქნება მიუღებელი, იმის მიუხედავად, დარღვეული აქვთ თუ არა მათ კანონი ოკუპაციის შესახებ.

ამასთანავე, საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტაშორისო ასამბლეის სესია უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.

მესამე პუნქტის მიხედვით, უნდა დაევალოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, დაიწყონ მოსმენები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესასწავლად და დაადგინონ იმ პირთა წრე, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც სერგეი გავრილოვის ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე ბრძანების გაცემაზე. შეადგინოს იმ პირთა სია, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელმაც მომხდარში დაადანაშაულა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია და შესაბამისად ითანამშრომლა რუსულ მხარესთან მათი მოთხოვნის შესაბამისად, დასჯილიყო საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაძევებაზე პასუხისმგებელი დეპუტატი. აღნიშნულ სიაში შეყვანილ უნდა იყვნენ პარლამენტის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას.

დადგენილების პროექტის მეოთხე პუნქტის თანახმად, ​საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით უნდა დაადგინოს საერთაშორისო სანქციების ჩამონათვალი, რომლის მიღებაც მიზანშეწონილი იქნება აღნიშნული დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირთა წრის მიმართ.

მეხუთე პუნქტის მიხედვით კი, საგარეო ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, დადგენილების მიღებიდან ორი თვის ვადაში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად უნდა წარუდგინონ დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირთა სია და სანქციები, რომლის მოთხოვნითაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას.

„ხელისუფლება არ დგამს სათანადო ნაბიჯებს 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიების კუთხით. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ინიციატივის დაფიქსირება პარლამენტში, რომელიც დაავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები, რომელიც მომავალში დაგვიცავს ისეთი პროვოკაციებისგან, როგორიც იყო გავრილოვის მობრძანება პარლამენტში, ასევე დაადგენს პირთა წრეს, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ, როგორც გავრილოვის მოწვევაზე, ასევე ძალადობაზე ჩვენი მოქალაქეების წიანააღმდეგ და იმ პოლიტიკის განხორციელებაზე, რაც ხელს უწყობს რუსული ინტერესების გატარებას ჩვენს ქვეყანაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით დღეს პარალამენტში რეგისტრირდება დადგენილების პროექტი, რომელიც შეეხება 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებას, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენას და გავრილოვის სიის შედგენის მოთხოვნით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იტვირთბა....