aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ახალი თაობა არის ის მესამე ძალა, რომელსაც ასე ელოდება ქართული საზოგადოება – ხუხაშვილი განცხადებას ავრცლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს უახლესი ისტორია სავსეა დრამატული მოვლენებით, რომელსაც მრავალი წლით განუსაზღვრავს ქვეყნის განვითარების დინამიკა. ასეთ დროს, უფრო საკუთარი სიმართლით შეიარაღებულნი და საკუთარი მონოლოგით სმენადახშულნი ვიძირებით ორთაბრძოლებში და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საბოლოოდ მაინც ქვეყანა მარცხდება.

ჩვენ ახლა გავხდით 20 ივნისის შვილების „ამბოხი“-ს მოწმენი რუსეთის თავგასულობის, ხელისუფლების ძალადობის, ძალაუფლების უზურპაციის, უსამართლობის, მამების პოლიტიკური ცხოვრების წესის, ფასადურობის და სიყალბის წინააღმდეგ.

სასტიკად ცდება ყველა, ვინც ამ მოვლენას განიხილავს „მიშა-ბიძინა“, „ამერიკა-რუსეთი“ თუ სხვა რომელიმე პოლიტიკურ-კონიუნქტურულ ჩარჩოებში. სინამდვილეში, ჩვენ მოწმე ვართ ეპოქალური ცვლილების, შესაძლოა, ბოლშევიზმის საბოლოო დამარცხებისა. მიუხედავად მავანთა მცდელობებისა, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავალდღიან მასობრივ აქციებს არ ჰყავს ბელადი. წინამძღოლია არა ადამიანი, არამედ ადამიანური ღირებულებები.

ნუ ვეცდებით ამ ახალი ენერგიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მიმართვას, ან ტალახში ამოსვრას. სწორედ ახალი თაობა, არა მხოლოდ აქციებში მონაწილე, არამედ ისიც, ვინც ჯერ კიდევ ემზადება ასპარეზზე გამოსასვლელად, არის ის მესამე ძალა, რომელსაც ასე ელოდება ქართული საზოგადოება.

ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ისტორიის ეს მომენტი კომპრომისის გზით ვაქციოთ არა ვიღაცის დამარცხების, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი გამარჯვების, სრულმასშტაბიანი დიალოგის დაწყების წერტილად. ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი შეუსრულებელი დაპირება. ახლა ეძლევა ბიძინა ივანიშვილს მისი შესრულების კიდევ ერთი, ალბათ უკანასკნელი ისტორიული შანსი.

ამისათვის, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ:

1. ძალის გამოყენება იყო კანონიერი.
2. ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების მრავლობით და არა ცელკეულ ფაქტებს. ვითარება გამოვიდა კონტროლიდან და დადგა მძიმე შედეგი.

ბატონმა გახარიამ უნდა გააცნობიეროს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა დოზით არის პასუხისმგებელი ამ პროცესებზე, აქვს შანსი, თავისი გადადგომით გზა გაუხსნას საერთო სახალხო დიალოგს, გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი განვითარების ფორმულის შემუშავების მიზნით. მან უნდა იცოდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს განსაკუთრებული აღტყინებით უკიჟინებენ, რომ „არ გადადგეს“, ასეთივე აღტყინებით „ჩადებენ მიწაში”, როგორც კი რაღაც შეიცვლება. მათ ეს არაერთხელ გაუკეთებიათ.

ამით ჩვენ ვეტყვით ახალგაზრდობას, რომ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი არ იყო ფუჭი. ვეტყვით, რომ მათი თვალის ჩინის დაკარგვის ფასად ჩვენ აგვეხილა თვალები და მათთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპს, რომელმაც უნდა მოგვიტანოს ჭეშმარიტი თავისუფლება, სამართლიანობა და კეთილდღეობა”, – წერს ხუხაშვილი.

იტვირთბა....