სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლა დაიწყო („20-21 ივნისის ფაქტების გამოძიება“). ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
“სახალხო დამცველი დიდი ხანია ითხოვს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეებთან დაკავშირებულ მასალებზე წვდომას. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში აუცილებელია გატარდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის განსაკუთრებული კატეგორიის საქმეებზე დაშვების უფლებამოსილებას და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და დამოკიდებული საქართველოს პროკურატურის მიერ საგამონაკლისო და შერჩევითი წესით გამოხატულ კეთილ ნებაზე. თითოეულ მოქალაქეს სახალხო დამცველისგან თანაბარი მოლოდინები და იმედი უნდა ჰქონდეს.” – ნათქვამია განცხადებაში
გამოძიების მონიტორინგის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით სახალხო დამცველი შექმნის საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ჯგუფები, არასამთვრობო ორგანიზაციები და პროფესიული წრეები იქნებიან წარმოდგენილი. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, უახლოეს დღეებში აღნიშნულის თაობაზე დამატებით აცნობებენ საზოგადოებას.
“რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ჩაერთვება გამოძიების პროცესში საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით და მისი ჩართულობა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნით, სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნება საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო, სადაც მოწვეულნი იქნებიან ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და საერთაშორისო ექსპერტები. სახალხო დამცველი თავის საქმიანობას წარმართავს აღნიშნულ ჯგუფთან კონსულტაციის და მათთვის გამოძიების თაობაზე მაქსიმალურად შესაძლებელი ინფორმაციის მიწოდების გზით.
ასევე, დამატებით გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველი აპირებს იმუშაოს არა მხოლოდ 21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ, შეისწავლოს და შეაფასოს ქვეყანაში აქციების მართვასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები. ფაქტია, რომ ბოლო წლებში გამართული აქციების მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ სერიოზული პრობლემებია როგორც აქციების/კონტრაქციების მართვასთან, ისე მისი დაშლის გადაწყვეტილების აღსრულების მიმართებითაც, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს არამარტო პროკურატურას, არამედ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და სხვა უწყებებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად ითანამშრომლონ საქართველოს სახალხო დამცველთან.” – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.