საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო. რ.ა.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, ქ.თბილისში, მუხიანის I მიკრო რაიონში რ.ა.-მ ელექტროშოკის გამოყენებით თ.კ. უმწეო მდგომარეობაში ჩააყენა და გააუპატიურა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა რ.ა. 2019 წლის 1 იანვარს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) წარუდგინა. რ.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
1984 წელს დაბადებული ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული 1995 წელს დაბადებული რ.ა. 2019 წლის 1 იანვარს თბილისში დააკავეს.