ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს სახურავზე მოქალაქის დაკავებაზე განმარტებას აკეთებს

მოქალაქე ლევან სამადალაშვილი 21 ივნისს სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სახურავზე მყოფ პირს პოლიციელები ქვევით აგდებენ, სადაც მას სამართალდამცავები ურტყავენ.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მოქალაქე არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს.

“ერთ-ერთი მედიასაშუალებით დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ კადრებში ასახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოქალაქე ნ.რ.-ს დაკავების ეპიზოდი. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავზე მყოფი, მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ნ.რ., რომლის დაკავების კადრებსაც მედია საშუალება ავრცელებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც, რომელიც წინა დღეებში ფართოთ იქნა გაშუქებული სხვადასხვა მედიის მიერ. დაკავებული აქციის მონაწილე ნ.რ.-მ, მოგვიანებით სასამართლო დარბაზში აღიარა ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომა და საჯარო ბოდიში მოიხადა. სასამართლომ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა”, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს. დაშლის ოპერაცია დილამდე გრძელდებოდა.

დაშლის შედეგად, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ სხვადასხვა დაზიანება მიიღეს.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ვიდეოზე მოგვიანებით მოგვაწვდიან ინფორმაციას.

იტვირთბა....