“ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა პარლამენტში გარკვეულ სიჭრელეს გამოიწვევს, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჯობია, მწვავე დისკუსიები პარლამენტში წარიმართოს
„პროპორციული არჩევნები პარლამენტში მოგვიტანს ზუსტად იმ განწყობების ასახვას, რა განწყობებიც არის რეალურად საზოგადოებაში. ანუ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში ხელისუფლება, ვეღარ შეძლებს იმაზე მეტი მანდატის მოპოვებას პარლამენტში, ვიდრე მას მოსახლეობა მიანიჭებს. ეს გამოიწვევს გარკვეულ სიჭრელეს პარლამენტში, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ქვეყანაში სიტუაცია ისეთია, რომ ალბათ ჯობია, პარლამენტის შიგნით იყოს მწვავე დისკუსიები, ვიდრე ქუჩაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.
კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
პრეზენტაცია აქციის ფონზე მიმდინარეობს.