ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“პუტინის ჯინაზე ჩამოდით საქართველოში” – CNN

პუტინის ჯინაზე, ჩამოდით საქართველოში, – ამ სათაურით სტატიას „სიენენი“ აქვყენებს. საავტორო სვეტში უილ კეთკარტი მოგზაურებს მოუწოდებს, აუცილებლად მოინახულონ საქართველო.

„ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის დამფასებლებო, ზღვის სანაპიროზე დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო და ისტორიკოსები – მოგმართავთ ყველას, ვინც თავგადასავლებს ეძებს და უბრალოდ სურს, პუტინს ავნოს, საქართველოს თქვენი დახმარება სჭირდება. თუ ოდესმე გიფიქრიათ შავი ზღვის პირას, თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარე ამ პატარა ქვეყნის მონახულება, მაშინ ახლა საუკეთეო დროა. მივმართავ მათ, ვინც უკვე იმოგზაურა საქართველოში, დროა დაბრუნდეთ“, – წერს ჟურნალისტი.

ჟურნალისტი ასვე აღნიშნავს, რომ საქართველოში მწვავე აქციები რუსი ტურისტების მიმართ სულაც არ არის მიმართული. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, პუტინმა რუსეთიდან საქართველოში ფრენების შეჩერების განკარგულება გასცა. „რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ქართველებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ ისაუბრა, ხოლო „როსპოტრებნადზორმა“ ქართული ღვინის იმპორტის შეჩერება არ გამორიცხა“, – აღნიშნულია სტატიაში.

“პუტინი ცდილობს დასაჯოს, დაიმორჩილოს და გააკოტროს ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნება. დასაჯოს იმის გამო, რომ ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ უფლებას, თავისუფლად შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი და გადააყენოს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც გადადგომის შესახებ განაცხადა, როდესაც დემონსტრანტებმა ეს მოითხოვეს“, – წერს ავტორი.

ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს სერიოზული უთანხმოება აქვს კრემლთან, თუმცა ეს არ ეხება რუს ხალხს. „რუსებს საქართველოში მიესალმებიან, ისე, როგორც ყოველთვის, თუმცა არა რუსულ ტანკებს და სამხედროებს“, – ნათქვამია სტატიაში.

„ქართველები საკუთარ თავს ევროპელებად მიიჩნევენ, თუმცა რუსულ კულტურას პატივს სცემენ. რუსული ენა, ლიტერატურა, ფილმები და ბალეტი დაფასებულია. რეალურად, ქართველ და რუს ხალხს დღეს უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. ორივე, საქართველოც და რუსეთიც ოკუპირებულია პუტინისა და მისი კორუმპირებული მოკავშირეების მიერ“, – წერს უილ კეთკარტი.

სტატიაში ხაზასმულია, რომ ათწლეულების განმავლობაში საქართველოში არაერთი იმპერია შეიჭრა, თუმცა საქართველო მაინც გადარჩა.

„ქართველებმა იციან მოქალაქეებისა და მათი მთავრობის გარჩევა. ეს გადამწყვეტია ოკუპაციის პირობებში გადასარჩენად. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხართ, მოსკოვიდან, მილუოკიდან თუ მოგადიშუდან, ახლა საქართველოს თქვენ სჭირდებით. მოდით, ვუპასუხოთ პუტინს და მისი ბოროტ აკრძალვას. დატკბით უძველესი ისტორიის მქონე ღვინით და ინოვაციური სამზარეულოთი. აღმოაჩინეთ ულამაზესი ქვეყანა, მომაჯადოებელი კავკასიის მთებით და აქტიური შავი ზღვის სანაპიროთი. ამით თქვენ პატარა ქართულ დემოკრატიას გაღვივებაში დაეხმარებით, წინ აღუდგებით გეოპოლიტიკურ მჩაგვრელს და ცხოვრებაში საუკეთესო დროს გაატარებთ. ისევე, როგორც 3,7 მილიონი ქართველი, მეც მზად ვარ, მეგზურობა გაგიწიოთ“, – წერს სტატიის ავტორი.

იტვირთბა....