სასამართლომ მას პატიმრობა არ შეუფარდა და ამიტომ ვერც პარლამენტი შეუჩერებს მას უფლებამოსილებას. ამდენად, მელია დღეს ისეთივე სრულფასოვანი დეპუტატია, როგორც დანარჩენი 149 – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს.
„პარლამენტის გუშინდელი დადგენილებით პროკურორს მიეცა სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობა (ეს ფორმულირებაც პრობლემაა, მაგრამ სხვა დროს). ამით მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას და სტატუსს მისხალი არ მოკლებია. პარლამენტს შეეძლო მისი უფლებამოსილების შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას პატიმრობას შეუფარდებდა (რეგლამენტი, 11.4). სასამართლომ მას პატიმრობა არ შეუფარდა და ამიტომ ვერც პარლამენტი შეუჩერებს მას უფლებამოსილებას. ამდენად, მელია დღეს ისეთივე სრულფასოვანი დეპუტატია, როგორც დანარჩენი 149 და მისი „უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით“ ისევე, როგორც დანარჩენების (კონსტიტუცია, 39.3).
მაშ, როგორ შეუზღუდა სასამართლომ პარლამენტის სრულუფლებიან წევრს გადაადგილება და სიტყვით გამოსვლა, ანუ კონსტიტუციით დაცული უფლებამოსილების განხორციელება? სისხლის პროცესის გარდა მოსამართლეებმა ზოგჯერ კონსტიტუციასაც რომ უნდა ჩახედონ, არ იციან? ამ ვითარებაში რა უფლებამოსილების შეჩერებაზე ალაპარაკდნენ უმრავლესობის და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელები (მაგ. მდინარაძე, მაჭარაშვილი)? მართლა მელიას თმის ღერების მცველებად უნდათ აქციონ მთელი დემოკრატიული მსოფლიო?“, – განაცხადა უსუფაშვილმა