ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობა კობალაძე: ანზორ მელიასთვის მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს არასწორ მოქმედებას ტაში უნდა დაუკრა

უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ენმ-ის დეპუტატ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას დაუჭირა მხარი. როგორც ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია აღნიშნავს, ყველაზე მეტად ვინც გული ატკინა, მისი შვილისთვის მანდატის შეჩერების მხარდაჭერით, სწორედ კობა კობალაძე იყო.

როგორც კობალაძემ “მეტრონომს” განუცხადა, მისთვის ამ ნაბჯის გადადგმა მარტივი არ იყო, ანზორ მელიას დღესაც პატივს სცემს, თუმცა როცა საუბარია სახელმწიფოზე, ყველამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს.

დეპუტატის თქმით, ანზორ მელია მამამისის მკურნალი ექიმი იყო.

“მე პატივს ვცემ ბატონ ანზორს, აუგის თქმა არ შემიძლია, ღმერთმა მხნეობა და გამძლეობა შემატოს, არ იყო ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მარტივი მისაღები, მაგრამ როდესაც ჩვენ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, როდესაც ვსაუბრობთ იმ თემაზე, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობიანი და არაისტერიული, რომ უნდა განვითარდეს და ა.შ, რა თქმა უნდა, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ. ბატონი ანზორი მამას მკურნალი ექიმი იყო , წლების განმავლობაში, როგოც ჩანს, ურთიერთობას აფასებს, მე მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ვინმეს ტაში დაუკრა არასწორ მოქმედებებზე, მე პატივისცემას დღესაც ვუდასტურებ და მხნეობას ვუსურვებ”. – განგვიცხადა კობა კობალაძემ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

“მხოლოდ ერთზე გეტყვით, ყველაზე მეტად ვინც გული მატკინა, ეს არის კობა კობალაძე. როგორც შვილს მამა უვლის, ასე ვუვლიდი მას. ყველაზე მტკივნეული კობას გადაწყვეტილება იყო დღეს ჩემთვის”, – განაცხადა ანზორ მელიამ “პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში”.

 

იტვირთბა....