ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმუნიტეტის მოხსნა გიგა ბოკერიადან უნდა დაიწყოს” – ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართლიანი იქნება, იმუნიტეტის მოხსნა სწორედ გიგა ბოკერიადან დაიწყოს, რომელიც გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.

ირმა ინაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს „გადაარჩინოს მთავარი მოკავშირე რეალური სატელიტი ბოკერიას სახით“.

„მოგეხსენებათ პარლამენტი მსჯელობს მხოლოდ ნიკა მელიას ეპიზოდზე, მოუხსნან თუ არა სადეპუტატო იმუნიტეტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს სიღრმისეულად და გამოძიება უნდა დაიწყოს გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის. ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ ეს იყო ბოკერიას პარტიის და „ქართული ოცნების“ მიერ ერთობლივად დაგეგმილი პროვოკაცია პარლამენტში და სწორედ ამ პროვოკაციას მოჰყვა მოგვიანებით ვნებათაღელვა პარლამენტის წინ. ამდენად სამართლიანი იქნება, იმუნიტეტის მოხსნა სწორედ ბოკერიადან დაიწყოს, რომელიც გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ წუთებში მსჯელობს მხოლოდ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე, რაც ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიანად. „ქართული ოცნება“ ცდილობს გადაარჩინოს მისი მთავარი მოკავშირე რეალური სატელიტი ბოკერიას სახით, ეს ჩვენ არ მიგვჩნია სამართლიან მიდგომად“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი მოითხოვს გამოძიება დაიწყოს სწორედ გავრილოვზე განხორციელებულ პროვოკაციაზე და არ შეიძლება მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებზე მიდიოდეს გამოძიება. ამასთან ირმა ინაშვილი ხელისუფლებას კითხვებით მიმართავს.

„საქართველოს ხელისუფლება ორი თვის მანძილზე ინტენსიურად ეხვეწებოდა რუს დეპუტატს, გავრილოვს, ჩამოსულიყო საქართველოში, ჩვენ გვაინტერესებს რა იყო რეალურად ამ დაჟინებული და ინტენსიური ხვეწნის მიზანი.

საქართველოს ხელისუფლება გავრილოვს საქართველოში ოჯახთან ერთად ეპატიჟებოდა, რადგან გავრილოვი წარმოშობით საქართველოდანაა, მისი ბაბუა დედის მხრიდან გვარად ლომთაძეა და მას სთხოვდნენ ოჯახიც ჩამოეყვანა საქართველოში. საქართველოს ხელისუფლება გავრილოვს ჰპირდებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რის დაცვასაც არ აპირებდა, ჩვენ გვაინტერესებს რას ნიშნავს ეს თამაში?

გავრილოვს ასამბლეის პირველ დღეს დახვდნენ ტაშ-ფანდურით, სიმღერით და ქართული პურ-მარილით, გვაინტერესებს რატომ. გავრილოვი მიწვეული იყო სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ამავე დღეს, ამას დისკომფორტი არავისთვის შეუქმნია, სხვათაშორის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეც ოფიციალური დაწესებულებაა.

მეორე დღეს გავრილოვი მოიყვანეს პარლამენტში და დაუთმეს თავმჯდომარის სავარძელი, რომლის დაკავების უფლებაც, მეც კი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს არა მაქვს, თუ არ არის გადაწყვეტილი ბიუროზე და გამყარებული არ არის თავმჯდომარის ბრძანებულებით, ჩნდება კითხვა – რატომ და ვინ დაუთმო გავრილოვს ეს ადგილი?

რატომ დაინიშნა ასამბლეის შეკრება მაინცდამაინც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში?

ორ წუთში დარბაზში როგორ აღმოჩნდა ბოკერიას პარტია წინასწარ დაბეჭდილი პლაკატებით? წინასწარ საიდან იცოდნენ რა მოხდებოდა და ერთ წუთში როგორ დაიბეჭდა პლაკატების კასკადი, რომელსაც მინიმუმ ერთი დღე სჭირდება.

მაინტერესებს, ტელეარხებს და მედია საშუალებებს ვინ და კონკრეტულად რა წყარომ მოგაწოდათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს გავრილოვი მონაწილეობდა აფხაზეთის ომში და დარღვეული ჰქონდა სავიზო პირობები, რატომ უარყვეს ეს ინფორმაცია ძალოვანმა სტრუქტურებმა მთელი რვა საათის შემდეგ და არა მაშინ, როდესაც ეს დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, რას ელოდნენ პროცესების გამწვავებას?

მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდნენ 15 წუთში პარლამენტის შენობასთან და შენობაშიც აქტივისტები ასევე წინასწარ დაბეჭდილი პლაკატებით?

მაინტერესებს და გვაინტერესებს, რატომ გაიყვანეს უკვე „რედისონიდან“, არა სათადარიგო გასასვლელიდან, არამედ მთავარი გასასვლელიდან ბატონი გავრილოვი, სადაც ყველამ იცოდა, რომ იდგნენ აღელვებული ახალგაზრდები? რატომ დაუშვა ეს ხელისუფლებამ, რატომ დაუშვა ეს პოლიციამ, რომ აქტივისტებს ხელი დაერტყათ გავრილოვისთვის?“- აცხადებს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ნიკა მელიას დაკავებასა პროკურატურა ითხოვს და გენერალურმა პროკურორმა, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით პარლამენტს  წერილი წარუდგინა.

იტვირთბა....