თუ თქვენ გინდათ, რომ მომავალში ხელკეტიანი ადამიანების ნაცვლად არ ნახოთ იარაღიანი ადამიანები და დამტვრეული მანქანების ნაცვლად ქალაქში, „მოლოტოვის კოქტეილები“ და გადამწვარი ქუჩები, მაშინ უნდა წავიდეთ დიალოგის გზით, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, 20 ივნისის აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ როდესაც პოლიტიკური ლიდერების სამართლებრივი დევნა პოლიტიკური პროცესების გამო იწყება , ეს სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და ეს იძენს პოლიტიკურ ნიშნებს.
ადვოკატის განცხადებით, დიალოგი, შერიგება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მძიმე და მკაცრი სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს.
“მე გავეცანი იმ მასალას, რომელიც საჯაროდ იყო გამოქვეყნებული და იქ არანაირი კრიმინალის შემცველი ნიშნები არ არსებობს. თუ ხელისუფლებას სურს სიტუაციის განმუხტვა, მე მას მოვუწოდებ შეწყვიტოს რეპრესიული რიტორიკა. წავიდეს ამნისტიების კუთხით, ნაცვლად იმისა, რომ მეტი ახალი პოლიტიკური ლიდერები დაიჭირონ.
თუ თქვენ გინდათ, რომ მომავალში ხელკეტიანი ადამიანების მაგივრად, არ ნახოთ იარაღიანი ადამიანები და არ ნახოთ დამტვრეული მანქანების ნაცვლად ქალაქში მოლოტოვის კოქტეილები და გადამწვარი ქუჩები, მაშინ უნდა წავიდეთ დიალოგის გზით, შერიგების გზით. რეპრესიების ნაცვლად უნდა შევთავაზოთ ერთმანეთს ამნისტია და განვმუხტოთ სიტუაცია.
ეს არ ნიშნავს წახალისებას, თუ ეს გზა არ იქნება არჩეული და ხელისუფლება წავა დესტრუქციული გზით, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უფრო მძიმე და მკაცრ სცენარს“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.