ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს – საპატრიარქო

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებასა და ბანკების ხელმძვანელებს თხოვენ, რომ ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართულ მოქალაქეებს შეღავათი გაუწიონ.

“ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული  არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს. შედეგად, ფორუმი ჩაიშალა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთი საქართველოში ფრენებს აუქმებს. მან რუს ტურისტებსაც მოუწოდა თავი შეეკავებინათ საქართველოში ვიზიტისგან.

 

იტვირთბა....