“შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა “ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომელიც არჩევნებს შეეხება, განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, სამჯერ კენჭისყრა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზეა გასარკვევი.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ოთხი წელი დატანჯა ქვეყანა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე.
„2015 წელს „ქართულ ოცნებას“ მაგიდაზე ედო დოკუმენტი, რომ პროპორციული არჩევნები უნდა ჩაგვეტარებინა, სამწუხაროდ ამას დასჭირდა ამდენი მსხვერპლი, ამდენი უბედურება, ამდენი დასახიჩრებული ადამიანი. ახლა ივანიშვილმა დაინახა, რომ დიახ, ხელისუფლების წყაროა ხალხი, ახალგაზრდობა, მან დაინახა, რომ ეს უკვე ის ზღვარია, რომლის იქეთ ან მან, ან დღესვე დატოვოს ყველაფერი, ან უნდა წავიდეს დათმობაზე, ამიტომ ეს არის იმ ადამიანების გამარჯვება, ვინც პრინციპულად და მშვიდობიანად ითხოვდა ამ ყველაფერს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის სერიოზულად დაგვიანებული გადაწყვეტილება.
„ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ პროპორციული არჩევნები თავად გამოეცხადებინა და ამითი ქვეყანა სწორ გზაზე დაეყენებინა. წინ ძალიან ბევრი საკითხია გასარკვევი და მოსაგვარებელი. შეგახსენებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, სამჯერ კენჭისყრა და იქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზეა გასარკვევი. გარდა ამისა, ამ აქციაზე იყო სხვა მოთხოვნები, აქციას ეს მოთხოვნები ერთმანეთზე არ გადაუბია. პროპორციული არჩევნები? – კი ბატონო, ვიწყებთ უკვე საგნობრივ მსჯელობას ამ თემაზე, მაგრამ დანარჩენი მოთხოვნები როგორც ვიცით, რჩება ძალაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ნულპროცენტიანი ბარიერი არის ჩანაფიქრი, რომელსაც განხორციელება არ უწერია.
„ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა ადამიანს გაუჩინოს თავში ასეთი აზრი, რომ ერთ პროცენტს ხომ მე თავადაც ავიღებ, რა საჭიროა სერიოზული გუნდის შეკრება, ანუ პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაცია უნდა ამითი, მაგრამ როგორც იტყვიან, ახლა ბურთი და მოედანი ოპოზიციისა და ხალხის მხარეს არის. ვინც ასე მარტივად მიუდგება საკითხებს, თუმცა სერიოზული პოლიტიკური ძალები ამ პროცესშიც მოახერხებენ წარმატების მიღწევას და პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის მომავალზე. ოპოზიციის გაერთიანება არ არის საქმე, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის მართვის შემძლე პოლიტიკური გუნდები და პოლიტიკური გუნდი რომ იყოს ქვეყნის მართვის შემძლე, მას უნდა ჰყავდეს პარლამენტშიც ბევრი წარმომადგენელი და პარლამენტს გარეთ ბევრი კვალიფიციური ადამიანი, ნულპროცენტიანი ბარიერი უქმნის მოტივაციას საკუთარ თავზე ორიენტირებულ ლიდერებს, რომ ოღონდ მე პარლამენტში ვიყო და დანარჩენი არაუშავს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, ეს არის გამოწვევა, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა მიიღოს და წარმატებით გაუმკლავდეს.
„ეს არ არის ივანიშვილის მხრიდან ქვეყანაზე ფიქრის საუკეთესო მაგალითი, ეს არის ვერსია, რომ პროპორციული არჩევნები დაინახა რომ გარდაუვალია, მაგრამ როგორი პროპორციული? – აი ისეთი, როგორშიც ოპოზიციას ფრაგმენტაციისკენ ვუბიძგებთ, გააკეთა ეს, უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა და შევუბრუნოთ უკვე. ჩვენ ვართ უკვე არაერთ კაცზე ორიენტირებული გუნდი, არამედ ბევრ ლიდერზე ორიენტირებული გუნდი. ვამბობთ, რომ კიდევ მეტი ხალხი უნდა შევგროვდეთ ერთად, რომ ვიყოთ სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია, თორემ ჩვენ შორისაც არის ხალხი, რომელიც ცალ-ცალკე რომ წავიდეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა შევა პარლამენტში, მაგრამ მერე? მერე რა ვქნათ. ჩვენ ჩვენ გზას ვადგავართ და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.
ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.
ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.
ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.