მე ვფიქრობ, პოლიტიკური პერსპექტივისთვის, ეს მთავარი მოთხოვნა იყო და არ მინდა, რომ “ქართულ ოცნებას” ეს განცხადება დავუკარგო, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.
ხუხაშვილის განცხადებით, “ოცნებამ” ყველა გადაწყვეტილება მინიმუმ 24 საათით დააგვიანა.
“სხვა საკითხია, რომ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური სიბეცის კლასიკა გვაჩვენა, რადგან ყველა გადაწყვეტილებას მინიმუმ 24 საათი აგვიანებდა. შესაბამისად, ყოველ დღე იზრდებოდა ფასი. მაგალითად, კობახიძე, რომ 19-ში გადამდგარიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. “ოცნებას” უკვე იმდენად სერიოზული პოლიტიკური ზიანი აქვს, რომ ამას ფაქტობრივად, ვეღარ გადალახავს.
რაც შეეხება საკუთრივ გადაწყვეტილებას, მისასალმებელია, ადეკვატურობას მოითხოვს. მეორეს მხრივ, ნულოვანი ბარიერი კითხვის ნიშნებს ბადებს და ქაოსის წინაპირობა შეიძლება გახდეს. თუმცა, ეს არ მგონია, იმდენად პრინციპული საკითხი არ იყოს, რომ საპარლამენტო ფარგლებში, დისკუსიის შედეგად, არ მივიდნენ გონივრულ გადაწყვეტილებამდე. იმიტომ, რომ ნულოვანი ბარიერი ეს არის ქაოსი და უნდა გვესმოდეს, რომ ეს სახელმწიფო ინტერესი არ არის. ასე, რომ 3 ან 5-პროცენტიანი ბარიერი თუ იქნება, ეს მისასალმებელია”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.
ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.
ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.
ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.