ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით. ე.ი. ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე, რისთვის? იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.
სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი პანიკაშია.
“პრაქტიკულად, დღეს დააანონსა დაპატიმრებები, ყველასთან “გააიასნოს” სიტუაცია და მერე 2020 წელში რაღაც გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, რაც მსოფლიოში არ არსებობს და ეს ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, ეს ნიშნავს სათითაოდ ყველა პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, ეს ნიშნავს გაერთიანებების დაშლას, 2020-ში უკვე ბოლომდე მოწმინდოს და საბოლოოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი? ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელ მსოფლიოში? ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად. ერთი რამ სრულიად ნათელია – ივანიშვილი არის პანიკაში, მაგრამ ახლა ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი”, – აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.
ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.
ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.
ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.