ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ გვესვრი” – ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ჟურნალისტები შსს-ის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

“დღეს, 21 ივნისს 15:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (გულუას 10) ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მართავს საპროტესტო აქციას “ნუ გვესვრი!”. მედიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ აქციის დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას. დაშავებულია 10-ზე მეტი ჟურნალისტი. აქციამდე ვისაც სურვილი გაქვთ ორგანიზებაში დახმარების, გთხოვთ, მოხვიდეთ ქარტიის ოფისში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს სოლიდარობას გამოუცხადებენ ქუთაისელი ჟურნალისტებიც. ისინი ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ 15:00 საათზე აქციას გამართავენ. აქცია სახელწოდებით “ნუ გვესვრი!” ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ხარაგაულშიც ჩატარდება.

გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის, საქართველოს პირველი არხის სამი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი. ორ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ორი კი კლინიკებში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

ასევე დაშავდნენ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და ორი ოპერატორი, სააგენტო “ინტერპრესნიუსის” წარმომადგენელი და On.ge-ის ჟურნალისტები.

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.

იტვირთბა....