პარტია “ევროპული საქართველო” ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დროულად მოახდინოს მასზე რეაგირება.
“ბოლო დღეების მანძილზე პუტინისტური და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან გრძელდება უკანონო მოქმედებებისკენ მოწოდებები, რაც ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის. ასეთი მოწოდებები, საქართველოს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დაცული არაა.
ხელისუფლების უმოქმედობა, ამ დანაშაულის თანამონაწილეობას უდრის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად დაიწყოს ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივი დევნა. ბოლო დღეებში ამ ჯგუფებმა უკვე არაერთხელ იძალადეს ან სცადეს ძალადობა საქართველოს სხვა მოქალაქეებზე.
ლევან ვასაძე და ამ ჯგუფის სხვა ლიდერები ღიად და დაუფარავად საუბრობენ სისხლის სამართლის დანაშაულების დაორგანიზების შესახებ და სხვებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ეს ჯგუფი არამარტო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას აპირებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ჩანაცვლებასაც გეგმავს, რაც კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას გამოიწვევს, ეს კი მტრული სახელმწიფოს ინტერესებშია.
ამ ძალების უკან რუსეთის სახელმწიფო დგას, რომლის ინტერესიცაა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და კონტიტუციური წესრიგის მოშლა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძის განცხაებით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ. მათ ექნებათ ქამრები და კომბლები.
ამ და ვასაძის სხვა განცხადებების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.